LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო ევროკავშირის ერთიან საზღვაო უსაფრთხოების ქსელში ერთვება

43

საქართველო ევროკავშირის ერთიან საზღვაო უსაფრთხოების ქსელში 1 აპრილიდან ჩაერთვება.

როგორც “ფორტუნას” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო 1 აპრილიდან აამოქმედებს საქართველოს  ტერიტორიულ ზღვაში და ნავსადგურის აკვატორიებში გემების მოძრაობის მონიტორინგის ინფორმაციულ სისტემას (VTMIS) და საქართველოს ყველა ნავსადგური აღიჭურვება გემების მოძრაობის სამსახურის (VTS) ახალი მომსახურებით.

“VTMIS-ის დანერგვა საქართველოს პირველად მისცემს შესაძლებლობას ჩაერთოს ევროკავშირის ერთიან საზღვაო უსაფრთხოების ქსელში (SafeSeaNet). სისტემის დანერგვა უზრუნველყოფს გემების საინფორმაციო მომსახურებას, ნავიგაციურ დახმარებას, საქართველოს ნავსადგურებში მოძრაობის ორგანიზებას ტერიტორიულ ზღვაში ნაოსნობის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის ასამაღლებლად ზღვაზე სიცოცხლის გადარჩენისა და ზღვის გარემოს დაცვის მიზნით,”- განაცხადეს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში განმარტავენ, რომ ამ მიზნით ნავსადგურები აღიჭურვება თანამედროვე ტექნიკური დანადგარებით, ხოლო VTS ოპერატორები,  მომზადებული და სერტიფიცირებული იქნებიან საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად.

სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული სისტემის შექმნა და დანერგვა კიდევ უფრო  ხელს შეუწყობს საქართველოს საზღვაო ინფრასტრუქტურის ევროკავშირის მოთხოვნებთან დაახლოებას, რადგან ამით შესრულდება საქართველოს მიერ ნაკისრი  ვალდებულებები  ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში.

სააგენტოში აღნიშნავენ, რომ გემების მართვასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა სახის კერძო მომსახურება საქართველოს ნავსადგურებში არ წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობით ან საერთაშორისო მოთხოვნებით გათვალისწინებულ VTS მომსახურებას.

magti 5g