ზუგდიდში მოწამლული ბავშვების ნაწილი ქუთაისში გადაიყვანეს. ამ დროსთვის დასავლეთ საქართველოს ტუბერკულოზისა და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრ „ლჯ და კომპანიაში“ 7 ბავშვია მოთავსებული.
ექიმის თემურ ნადირაძის ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მისი თქმით, ადგილზე იმყოფება ბავშვების დედაც. კლინიკაში კიდევ 2 ბავშვს ელოდებიან.
შეგახსენებთ, რომ დღეს ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში კვებითი ინტოქსიკაციის ნიშნებით 10 ბავშვი შეიყვანეს, მათ შორის ერთი შვიდი თვის გოგონა. ბავშვები ზუგდიდში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ქალთან ერთად ცხოვრობდნენ, რომელიც უკრაინის მოქალაქეა.
ამასთან, უკრაინის მოქალაქის მიერ საქართველოში 10 მცირეწლოვანი ბავშვის ჩამოყვანასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას აწარმოებს. უწყებაში შესული ინფორმაციის თანახმად, 2019 წლის 8 აპრილს მოსკოვი-თბილისის რეისით საქართველოში ჩამოვიდა უკრაინის მოქალაქე, რომელსაც თან ახლდა 10 მცირეწლოვანი ბავშვი.
„შს სამინისტროს ხელთ არსებული დოკუმენტაციის თანახმად, 10-ვე ბავშვი ამ ქალბატონის შვილია. აღნიშნული ქალბატონი აპირებდა საქართველოდან აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას. 10 მცირეწლოვანი ბავშვიდან 4 დაბადებულია 2017 წელს. ვინაიდან აღნიშნულმა ფაქტმა გააჩინა საფუძვლიანი ეჭვი, რომ აღნიშნული შეიცავდა ტრეფიკინგის ნიშნებს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება სსკ-ის 143 პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით (ადამიანით ვაჭრობა – ტრეფიკინგი), რის ფარგლებშიც ტარდება აქტიური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები, რათა დადგინდეს ხომ არ აქვს ადგილი ადამიანებით ვაჭრობის ფაქტს. გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს აქტიური თანამშრომლობა უცხოელ პარტნიორებთან“, – აცხადებენ შსს-ში.