ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია “Ryanair”–ი საქართველოს ავიაბაზრით დაინტერესდა. ავიაკომპანია ქუთაისის მიმართულებით ავიარეისების დაწყების შესაძლებლობებს განიხილავს.
ამის თაობაზე კომპანიის კომერციულ დირექტორს დეივიდ ობრაიანს დღეს საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შეხვდა.
როგორც ”ფორტუნას” მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების მხრიდან საქართველოსადმი ინტერესის ზრდა განპირობებულია ქვეყანაში შექმნილი ბიზნესგარემოთი, ბოლო წლების განმავლობაში ტურისტული ნაკადის ზრდით და იმ შესაძლებლობებით, რომელსაც იძლევა საქართველოს მოქალაქეებისთვის უახლოეს მომავალში მოსალოდნელი ვიზალიბერალიზაციის პროცესი.
დეივიდ ობრაიანის განმარტებით, ავიაკომპანიის სამუშაო ჯგუფი გაეცნობა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ინფრასტრუქტურულ და ოპერირების შესაძლებლობებს. მანვე იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მთავრობასთან მიმდინარე მოლაპარაკებები და კონსულტაციები დადებითად გადაწყდება.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი უწოდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
„ეს არის ერთ–ერთი ყველაზე მზარდი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ევროპის ბაზარზე. ჩვენ საკმაოდ დიდი ხანია ვმუშაობთ აღნიშნულ კომპანიასთან და ისინი დღეს არიან ჩამოსულები თავიანთ ტექნიკურ თანამშრომლებთან ერთად, რათა შეაფასონ ქუთაისის აეროპორტის მდგომარეობა. გარდა ამისა, შეაფასონ ის ახალი შესაძლებლობები და ახალი მიმართულებები, რომელიც საჭიროა იმისათვის, რომ განვითარდეს საქართველოდან პირდაპირი ფრენები. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ გადაწყვეტილებები ძალიან მალე იქნება მიღებული,“–განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია “Ryanair” დაარსდა 1984 წელს და ოპერირებს 1985 წლიდან. ამჟამად ავიაკომპანიის ავიაპარკი დაკომპლექტებულია ბოინგ 737-700 და ბოინგ 737-800 ტიპის საჰაერო ხომალდებით. გასულ წელს ავიაკომპანიამ გადაიყვანა 90 მილიონზე მეტი მგზავრი. 2015 წლის მონაცემებით, ავიაკომპანიას აქვს 72 ბაზა და ოპერირებს 191 აეროპორტში.