საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები რევოლუციურია და ის ეკონომიკური ეფექტის მომცემი იქნება, – ამის შესახებ საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის აღმასრულებელმა პრეზიდენტმა მიხელ ჭელიძემ ფინანსთა მინისტრთან მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ ისაუბრა.
მისი თქმით, კომპანიებს, აღარ საქმიანობენ იმის გამო, რომ მათ ძალიან დიდი დავალიანებები ჰონდათ და ეს დავალიანებები გაიყინა, ძალიან დიდი თანხები ჩამოეწერებათ. ამას საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებები ითვალისწინებს, რომლის ამოქმედებაც 1 ივლისიდან არის დაგეგმილი.
მისივე ინფორმაციით, მნიშვნელოვანი ცვლილებაა დაგეგმილი ყადაღებთან დაკავშირებითაც.
”თუკი კომპანია შემოსავლების სამსახურს წარუდგენს ერთ საბანკო ანგარიშს, რომელსაც ყადაღა ადევს და ეს თანხა უკვე გაყინულია, სხვა ანგარიშებზე შეიძლება ყადაღა მოიხსნას”, – განაცხადა მიხეილ ჭელიძემ.
ცვლილებების ამოქმედება მიმდინარე წლის 1 ივლისიდან იგეგმება, თუმცა, ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, თუ ბიზნესის მხრიდან არგუმენტები იქნება, შესაძლებელია, ცვლილებები 1 ივლისის ნაცვლად მომავალი წლიდან ამოქმედდეს, რათა მათ დამატებითი პრობლემები არ შეექმნათ.
”ჩვენ ვაგრძელებთ ბიზნესთან კომუნიკაციას. ვაცნობთ ჩვენს საკანონმდებლო წინადადებებს, საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით. მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს გავაცანით როგორც მოგების გადასახადის რეფორმა, ასევე დამატებითი ღირებულების გადასახადის ნაწილში დაგეგმილი სიახლეები. ვფიქრობთ, ეს ეკონომიკის განვითარებისთვის კარგი სტიმული იქნება”, – განაცხადა ხადურმა.