ნაცრისფერი, გრძელი ღობის მიღმა ჰამასის წევრებს წვრთნიან, ამ წუთებშიც მკვეთრად ისმის სროლისა და ლოცვის ხმა. სოფელში ამბობენ, რომ საზღვართან ახლოს წვრთნა მოსახლეობის შესაშინებლად მიმდინარეობს, რომ თავდასხმისა და განგაშის ზარის მოლოდინში მუდმივად დაძაბულები იყვნენ.
ისრაელის პატარა საზღვრისპირა სოფელს, ნეტივ ჰა ჰასარას ტყვიებისგან სწორედ ეს კედელი იცავს.
ადგილობრივმა მოსახლეობამ ნაცრისფერი ბეტონის გასალამაზებლად კერამიკისგან პატარა ფილები დაამზადა. კედელზე რამდენიმე ენაზე წერია სიტყვა “მშვიდობა”, რომლის მნიშვნელობა ამ სოფელში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა არ იციან.
ჰილა ფენლონი ფერმერია, 38 წლის. მას ორი შვილი ჰყავს, უფროსი 15 წლისაა. ჰილას ახსოვს, ბავშვობაში როგორ მიდიოდა მშობლებთან ერთად ღაზას სექტორში, რესტორანში სასადილოდ, ღაზაში მცხოვრებლებს კი ისრაელში მასპინძლობდნენ. ჰილას შვილს ვერ წარმოუდგენია, რომ დედამისს ოდესღაც შეეძლო გადასულიყო “სიკვდილის ზონაში”, რომლისგანაც წლების წინ ეს კედლები არ ჰყოფდათ.
პირველი რაკეტა ნეტივ ჰასარაში რომ ჩამოვარდა, ჰილა პირველ ბავშვზე იყო ორსულად. მას შემდეგ ტერორმა დაუჯერებელი ფორმა მიიღო. ახალბედა დედას, ისევე, როგორც მის თანასოფლელებს, განგაშის სიგნალიდან რამდენიმე წამი ჰქონდა დარჩენილი იმისთვის, რომ ბომბსაფარში გაქცეულიყვნენ. ბომბსაფარი სოფელში უკვე ყველგან არის, ყველა სახლში, დაწესებულებაში, სკოლაში, საბავშვო ბაღში, ავტობუსის გაჩერებაზეც კი.
როდესაც ბავშვი გახდა სამი წლის და ჰილას მოუხდა ახსნა, რატომ გარბოდნენ თავშესაფარში სიგნალის ჩართვისას, გაუჭირდა შვილისთვის თქმა, რომ ვიღაცას მისი მოკვლა უნდოდა და ბომბებს ესროდა… მან “გამოსავალი” იპოვა და შვილს აუხსნა, რომ სიგნალის დროს დიდი, მეტალის წითელი ჩიტები მოფრინავდნენ და მათგან თავი უნდა დაეცვათ.
სოფელში ჰილას შვილების მსგავსად არცერთ ბავშვს მშვიდად არ სძინავს. მათ ღამე რაკეტები, სიგნალები, წითელი ჩიტები ამ დრომდე ესიზმრებათ. მთელი სოფლის მოსახლეობისთვის და განსაკუთრებით, ბავშვების ფსიქიკის გადასარჩენად ფსიქოლოგები მუდმივად მუშაობენ.
სოფელი ბომბებისგან თავდასაცავ ნაგებობებად გადაიქცა, ბავშვები თამაშობენ თავშესაფრებში, ძინავთ თავშესაფრებში, საბავშვო ბაღიც კი თავშესაფარია. სათამაშო მოედნები დაკეტეს, რადგან ღია სივრცეში თავდაცვა შეუძლებელია.
კითხვაზე – რატომ არ ტოვებს სოფელს, ჰილა ამბობს, რომ ჰამასის მიზანიც სწორედ ეს არის; ის კი არ აპირებს, ტერორისტების ნება შეასრულოს. ფერმერი დარწმუნებულია, რომ თუ სოფლიდან წავა, ტერორი გაიმარჯვებს, მოსახლეობა კი – დამარცხდება.
“ალბათ, ძალიან გულუბრყვილო ვარ, მაგრამ მე მაქვს იმედი…”-ამბობს ჰილა.




