კომპანია ”დიო” იუბილარია. როგორც ”ფორტუნას” ”დიოდან” აცნობეს, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, კომპანია 31 მარტს, 19:00 საათზე სასტუმრო ”თბილისი მარიოტში” შეხვედრას გამართავს, სადაც დაარსებიდან 20 წლის საქმიანობის შედეგებს შეაჯამებს და კომპანიის ახალი სოციალური ინიციატივის შესახებ გამოაცხადებს.
მათივე ინფორმაციით, „დიო“-მ საკუთარ თავზე აიღო თბილისში ბავშვებისთვის პირველი პალიატიური მზრუნველობის ცენტრის (ჰოსპისის) შენობის კარ-ფანჯრებით, ტენტებითა და ჟალუზებით აღჭურვა.
ბავშვთა ჰოსპისის მშენებლობა 2015 წელს ფონდი „ღია საზოგადოება“-ს ინიციატივით დაიწყო. შენობა ქართული ბიზნეს კომპანიებისა და მოქალაქეების შემოწირულობებით აშენდება, ხოლო მის შემდგომ ფუნქციონირებაზე ზრუნვას ფონდი „ღია საზოგადოება“ გააგრძელებს. პროექტის მხარდამჭერია საქართველოს პრეზიდენტი. ბავშვებისა და მათი ოჯახებისთვის მომსახურება კი უფასო იქნება.
ცნობისთვის, შპს “დიო” დაარსდა 1996 წელს. კომპანიის მიერ წარმოებულ პროდუქციას ფართო სპექტრის მომხმარებელი ჰყავს. ესენი არიან როგორც ფიზიკური პირები, ისე საქართველოში მოქმედი სხვადასხვა წამყვანი ორგანიზაციები.
“დიოს” თავისი წარმომადგენლები საქართველოს სხვადასხვა რაიონებში ჰყავს: ბათუმში, თელავში, ქუთაისში, ხაშურსა და გორში.