საქართველოს ეროვნული მუზეუმი თანამედროვე ხელოვანის ზურაბ არაბიძის გამოფენას უმასპინძლებს. გამოფენა, სახელწოდებით ,,F63.9“ 21 აპრილს, 19 საათზე გაიხსნება.
ხელოვანი წარმოადგენს ნამუშევრებს ყველაზე მარტივი ფრაზებით, სიტყვებით, რომლებსაც ვამბობთ გრძნობებისა და სურვილების გამოსახატავად.
ტილოებზე ერთი და იგივე ფრაზა მეორდება მანტრას პრინციპით. ყველა სიტყვა თითოეულ ნახატზე დამთვალიერებელმა უნდა წაიკითხოს თავიდან ბოლომდე. პროექტის ავტორების თქმით, 100-ჯერ და უფრო მეტჯერ გამეორებული ,,მე შენ მიყვარხარ”, ,,მომეფერე”, ,,მოდი ჩემთან”, ,,შენთან მინდა” თუ ,,მომენატრე” ერთგვარი მედიტაციაა დამთვალიერებლისთვის. ამასთან, გამოფენა ინტერაქტიულია – მიღებული შთაბეჭდილებების გამოხატვის საშუალება ვიზიტორებს სპეციალურ კედელზე შეეძლებათ.
,,სიყვარული უფრო ხშირად შენახული გვაქვს, სადღაც ძველ მივიწყებულ კუთხეშია შემალული. რაც დრო გადის სიყვარულთან ერთად ყოფნაში, აღარ ვიხსენებთ, აღარც ვახსენებთ, აღარ ვსაუბრობთ სიყვარულზე და ვეგუებით ფაქტს, რომ ის უნდა არსებობდეს თავისთვის ჩუმად, ყურადღების გარეშე” – ამბობს ავტორი.
გამოფენის ფარგლებში გაიმართება ზურაბ არაბიძის წიგნის ,,მე შენ მიყვარხარ“ პრეზენტაცია. 404 გვერდზე, 202 ფურცელზე 63 468-ჯერ ახსნილი სიყვარული, ავტორის თქმით, ესაა წიგნი ყველასთვის, ვისაც შეუძლია სიყვარული. წიგნში პირველი გვერდი თავისუფალია – ,,ეს თქვენთვის, რომ ადრესატს მიუძღვნათ საჩუქარი და კიდევ ერთხელ უთხრათ, როგორ გიყვართ“.
პროექტის ორგანიზატორია გალერეა ,,გამრეკელი“, მხარდამჭერები: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და ,,TNN ART“ პროექტი.
გამოფენა 2016 წლის 10 მაისამდე გაგრძელდება.