ლედი გაგამ კოსმეტიკის საკუთარი ხაზის გამოსვლის შესახებ განაცხადა. ამერიკელი მომღერლის ახალ წამოწყებას – Haus Laboraties ჰქვია.
33 წლის შემსრულებელი ბრენდის მომავალ მომხმარებელს სახის გაახალგაზრდავებასა და სილამაზის ხელოვნურად მინიჭებას ჰპირდება, თუმცა სიახლის საიმიჯო ვიდეოში დასძენს, რომ ,,სილამაზე ეს ის არის, თუ როგორ ხედავ საკუთარ თავს.”
ცნობილი გახდა, რომ Haus Laboraties-ის პირველი კოლექცია, რომელიც სხვადასხვა ფერის ბრჭყვიალა თვალის ჩრდილსა და ტუჩის მბზინვარე საცხს აერთიანებს, 15 ივლისიდან გაიყიდება.
,,ახალგაზრდობაში, ვიდრე მაკიაჟის ძალას აღმოვაჩენდი თავს ლამაზად არასდროს ვგრძნობდი. ვუყურებდი დედას, რომელიც ყოველ დილას ,,მეიქაფის” გაკეთებით იწყებდა. სწორედ მან შთამაგონა საკუთარ თავზე ექსპერიმენტების ჩატარება. მაშინ აღმოვაჩინე ჩემი სილამაზე და ლედი გაგა, გმირი, რომელიც სარკეში ჩანდა. ის, ვინც მინდოდა ვყოფილიყავი. მეუბნებოდნენ, რომ უცნაურად გამოვიყურებოდი, თუმცა მე ასეთი დავიბადე”, – აღნიშნა ,,ინსტაგრამზე” გამოქვეყნებული ფოტოს აღწერისას ,,ოსკაროსანმა” ვარსკვლავმა.