ღვინის მწარმოებელმა კომპანიამ Good wine მომხმარებელს საკუთარი ბრენდი ”სავინო” ინოვაციური აპარატით შესთავაზა. როგორ ”ფორტუნას” კომპანიის გაყიდვების მენეჯერმა ოთარ ყურაშვილმა განუცხადა, აპარატი უნიკალურია და მას მსოფლიოს მასშტაბით ანალოგი არ აქვს.
”დაახლოებით ერთი თვეა, რაც ღვინის აპარატი ექსპლუატაციაში შევიდა. ის ჯერჯერობით მხოლოდ თბილისის მასშტაბით, 10 ობიექტზეა წარმოდგენილი და მომხმარებელს აბსოლუტურად დაცულ ღვინოს აწვდის. ვიტყოდი, რომ ეს აპარატი ხარისხის ერთგვარი გარანტია, რადგან მასში ძველ ღვინოს უბრალოდ ვერ ჩაასხამ”, – განმარტა ყურაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, Good wine-ი აღნიშნული საქმიანობის გაფართოებას გეგმავს და აპირებს, საქართველოს მასშტაბით 100-ამდე ობიექტში განათავსოს ღვინის ინოვაციური აპარატები, აქედან 50 აპარატი დედაქალაქში იქნება წარმოდგენილი.
გარდა ამისა, როგორც Good wine-ის გაყიდვების მენეჯერმა აღნიშნა, კომპანია მოლაპარაკებებს აწარმოებს უკრაინასთან, რუსეთთან და ევროპის ქვეყნებთან, სადაც შესაძლოა უახლოეს მომავალში ღვინის აპარატების ექსპორტი განხორციელდეს და ღვინის უცხოელმა მოყვარულებმაც შეძლონ ”სავინოს” დაგემოვნება.
