საქართველოს ნაკრები ევროპული შეკრების ფარგლებში მესამე ამხანაგური შეხვედრისთვის მადრიდში ემზადება. ვლადიმირ ვაისის გუნდმა პირველი ვარჯიში “ხეტაფეს” სათადარიგო მოედანზე ჩაატარა.
საქართველო ესპანეთში 23-კაციანი შემადგენლობით იმყოფება. ესპანეთთან მატჩით ვლადიმირ ვაისის გუნდი ევროპულ შეკრებას დაასრულებს. გუშინ საღამოს შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე ქართველმა ფეხბურთელებმა მატჩისწინა ბოლო ვარჯიში ჩაატარეს.
ევროპის მოქმედი ჩემპიონისა და საქართველოს ნაკრების დაპირისპირება დღეს, 7 ივნისს “ხეტაფეს” ალფონსო პერესის სტადიონზე თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. მატჩის რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გეგმავს.
ესპანური მედიის ცნობით, ვისენტე დელ ბოსკე საქართველოს ნაკრებთან იმ სასტარტო შემადგენლობას გამოიყვანს, რომელსაც ევრო 2016-ის პირველ მატჩში ჩეხეთთან დააყენებს.
დელ ბოსკეს გუნდში გამოჯანმრთელდა ალვარო მორატა, რომელიც შაბათს ვერ ვარჯიშობდა. მას შეუძლია საქართველოს ნაკრებთან თამაში. სამაგიეროდ, მცირე ტრავმა მიიღო მარკ ბარტრამ, რომელიც მხოლოდ ინდივიდუალურად ვარჯიშობს.
შეგახსენებთ, რომ ეს მატჩი ევროპის ჩემპიონისთვის ბოლო რეპეტიციაა და გუნდი საფრანგეთში მიფრინავს. ესპანელებმა ამხანაგურ თამაშებში დაამარცხეს ბოსნია-ჰერცეგოვინა (3:1) და სამხრეთი კორეა (6:1). ნოლიტომ ამ ორ შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა.
“მარკას” ცნობით, ესპანეთის ნაკრებში ორი საკითხი დარჩა გასარკვევი – ვინ იქნება ძირითადი მეკარე: იკერ კასილიასი თუ დავიდ დე ხეა და ვინ იქნება ძირითადი ფორვარდი: ალვარო მორატა თუ არიც ადურისი. დანარჩენ ცხრას კი, თითქოს, გარანტირებული აქვს სასტარტოში ადგილი. ესენია: ხუანფრანი, პიკე, რამოსი, ალბა, ბუსკეტსი, ინიესტა, სილვა, ფაბრეგასი, კოკე.
საქართველოს ნაკრებთან მატჩის ბილეთები 45-65 ევრო ღირს.