300 ათასმა ადამიანმა დაუჭირა მხარი ერიკ კანტონას კანდიდატურას ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე.
მამლაყინწა ფრანგი პირობას დებს, რომ ინგლისის ეროვნული გუნდის წვალებას ბოლოს მოუღებს.
კანტონამ საკუთარი კანდიდატურა თავად შეთავაზა. მისი მიმართვის რგოლი 15 მილიონმა მომხმარებელმა ნახა.
”მე, ერიკ კანტონა, ინგლისის ნაკრების მწვრთნელობის შემთხვევაში, პირობას ვდებ არასოდეს წავაგო პატარა ყინულოვან კუნძულის გუნდთან, სადაც მეკარე – რეჟისორია, ხოლო მწვრთნელის თანაშემწე ყოფილი სტომატოლოგი. ღმერთს შევთხოვ, რომ ინგლისელ მეკარეებს წყევლა მოუხსნას. ჰარი კეინს ვეტყვი, რომ არ დაარტყას ჯარიმები და კუთხურები, მით უმეტეს თუ ამ ჯანდაბა ჯარიმებს მთვარეზე ურტყამს.
მზად ვარ დროებით უარი ვთქვა ჩემს ოფიციალურ ტიტულზე ”მეფე ერიკი” და მოკრძალებული ”ერიკ ბოსი” მივიღო. მრჩევლად ალექს ფერგიუსონს ავიყვან, თანაშემწედ კი ჩემ კარგ მეგობარ პიტერ შმეიხელს”, – თქვა ”მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდამ, რომელიც თავის დროზე თავადაც ვერ გამოირჩეოდა მთლად ადეკვატური მოქცევით.
ასეა თუ ისე, ფრანგის ინიციატივას 302 ათასმა მომხმარებელმა დაუჭირა მხარი, ხოლო წინააღმდეგი სულ რაღაც 288 ადამიანი წავიდა.