ბრიტანეთი ევროკავშირის დატოვებას 31 ოქტომბერს აპირებს – ამის შესახებ ბრიტანეთის მთავრობაში განაცხადეს. მიუხედავად ბორის ჯონსონის მიერ ევროკავშირისთვის მიწერილი წერილისა, ბრიტანეთი ევროკავშირს მაინც 31 ოქტომბერს დატოვებს ამ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
„ჩვენ ვაპირებთ ევროკავშირის დატოვებას 31 ოქტომბერს. გვაქვს ამის რესურსი და საშუალება. რაც შეეხება წერილს, ის იმიტომ გავაგზავნეთ, რომ პარლამენტი პრემიერ-მინისტრს ამას ავალდებულებდა“,- განაცხადა მაიკ გოუვმა.
ევროკავშირთან ახალმა შეთანხმებამ თემთა პალატაში მხარდაჭერა ვერ მიიღო, რის გამოც ბორის ჯონსონს კანონი ავალდებულებდა, რომ ევროკავშირისთვის ბრექსიტის გადადება ეთხოვა.
შაბათს ბრიტანეთის თემთა პალატამ „ბრექსითის“ გადავადებას დაუჭირა მხარი. დეპუტატ ოლივერ ლეტვინის მიერ შეტანილი ცვლილების სასარგებლოდ ხმა 322-მა დეპუტატმა მისცა, წინააღმდეგი კი 306 იყო. ბორის ჯონსონს კანონი ავალდებულებდა, რომ ევროკავშირისთვის გადავადების შესახებ თხოვნა იმ დღესვე, ბრიტანეთის დროით 23:00 საათამდე გადაეგზავნა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა, რომ ლონდონიდან წერილი მიიღო და საპასუხო ნაბიჯებზე კონსულტაციას ევროკავშირის ლიდერებთან გამართავს.