LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პილატეს სასამართლო, უპრეცედენტო გადაწყვეტილება, შენდობის ბოდიში და იმედის ცისარტყელა – სინოდის ამბავი კიდევ გაგრძელდება

659
50279630-777889842581376-4377822901676539904-o

სინოდის სხდომა, რომელიც საქართველოს კათოლიკოს პარტიარქმა ილია მეორემ პირადად დანიშნა, შეიძლება ითქვას, სკანდალურად წარიმართა. სასულიერო იერარქიის წარმომადგენლები სხდომაზე კომენტარის გარეშე როგორც შედიოდნენ, ისე გამოდიოდნენ. მხოლოდ ერთადერთი იყო მეუფე პეტრე, რომელიც მოკლე განმარტებით შემოიფარგლა. მან თქვა, რომ დღევანდელი ეს დღე არ დაემსგავსებოდა პილატეს სასამართლოს და ჭეშმარიტება არის მარადიული და ერჩივნა სიმართლისთვის დაესაჯათ, ვიდრე ტყუილით გამართლდებოდა. როგორც ჩანს, პილატეს სასამართლოც შედგა და ჭეშმარიტების მარადიულობის დამტკიცება მეუფე პეტრემ ვერ შეძლო.

სხდომის დაწყებიდან ორ საათზე ნაკლებ დროში, ხმაურიანი სინოდის სხდომიდან, ხმაურიანი განცხადებით გამოსული მეუფე პეტრემ მედიისთვის განცხადება გააკეთა და კიდევ უფრო ხმაურიანი ამბავი გამოიტანა.  „წმინდა სინოდმა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება, პირადად პატრიარქმა მღვდემთავრობიდან უსამართლოდ განმაყენა“ – თქვა უკვე ყოფილმა მეუფემ და უხამსი სიტყვებით მოიხსენია, როგორც სინოდის წევრები, ასევე სხდომის თავმჯდომარე. მან პატრიარქი აღნიშნული გადაწყვეტილების მოტივად საპატრიარქოში არსებული მამათმავლობა დაასახელა. უფრო კონკრეტულად კი, ამ გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ის, რომ მან ეკლესიაში მამათმავლობა ამხილა.

საპატრიარქოში სხდომაზე ფიზიკური შეხლა-შემოხლასაც ქონია ადგილი. ამის შესახებ განცხადება მეუფე სტეფანემ (კალაიჯიშვილი) გააკეთა. მისი თქმით, ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა, მას შემდეგ, რაც მის განყენებას მღვდელმთავრებმა მხარი დაუჭირეს, პატრიარქს დაუპირისპირდა.

“როდესაც ეს განჩინება სინოდიდან მხარდაჭერილ იქნა, მან დაინახა, რომ ცუდადაა საქმე, ისტერიკაში ჩავარდა, მივარდა პატრიარქს და დაუწყო თითების ქნევა და რაღაც უაზრობების ყვირილი… რომ მივარდა პატრიარქს, მღვდელმთავრები წინ ჩაუდგნენ”, – განაცხადა მეუფე სტეფანემ.

სინოდის გადაწყვეტილებით, მეუფე პეტრე წალკელმა ეპისკოპოსმა მეუფე გრიგოლმა შეცვალა. ამის შესახებ სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა განუცხადა.


მხოლოდ თითი დაუქნიეს და შეუნდეს

სხდომაზე, სადაც სასულიერო პირები შეიკრიბნენ, წინასწარ გავრცელებული ინფორმაციით, უნდა ყოფილიყო მეუფე იაკობის სკანდალური განცხადება, უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის და მამა გიორგის საკითხი.

წმინდა სინოდმა მეუფე იაკობის საკითხი განიხილა და როგორც აღმოჩნდა მას მხოლოდ გაფრთხილების ნიშნად თითი დაუქნიეს და საქვეყნოდ ნათქვამი ბოდიშის წყალობით თანამდებობა შეუნარჩუნეს. ბოდბელი მთავარეპისკოპოსის მიმართ გამოტანილი განაჩენიც მეუფე ნიკოლოზმა განუმარტა მედიას. თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ რამდენიმე დღის წინ მეუფე იაკობმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ თავისი სიტყვები უკან არ მიაქვს, მაგრამ საზოგადოებას ბოდიში მოუხადა და შენდობა ითხოვა. სავარაუდოს სწორედ ეს „ბოდიში“ გახდა „შენდობის“ მიზეზი და დაინდეს, მაგრამ პეტრეს არც შენდობა უთხოვია და არც ბოდიში მოუხდია, ამიტომ მღვდელმთავრის წოდების გარეშე დარჩა.

პატრიარქი ფიქრობს, რომ გიორგი მამალაძე დამნაშავეა – მას დეკანოზის სტატუსი უნდა ჩამოერთვას – მეუფე იაკობი

მეუფე იაკობის განცხადებას სკანდალს რაც შეეხება, მან რამდენიმე დღის წინ საიდუმლო შეხვედრის შესახებ ისაუბრა, სადაც ყვებოდა, რომ მაშინდელი პრემიერ მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში შეხვედრას ესწრებოდა, სადაც მასთან ერთად იმყოფებოდნენ ვახტანგ გომელაური და მაშინდელი შსს მინისტრი გიორგი გახარია. შეხვედრის თემა კი, როგორც თვითონ აცხადებდა, იყო პატრიარქის შეცვლის საკითხი.

სინოდის  ყველაზე ხმაურიან სხდომაზე მთავარი საკითხი ე.წ. საუკუნის საქმე და ამ საქმეზე მსჯავრდებული, დეკანოზი მამალაძე იყო. სამწლიანი ლოდინის შემდეგ, სინოდმა დეკანოზის შეწყალების შუამდგომლობის გადაწყვეტილება მიიღო.

დღის ბოლოს საპატრიარქომ სხდომის ოქმი გაასაჯაროვა და აღნიშნული საკითხები გადაწყვეტილებები საზოგადოებას დოკუმენტის სახით განუმარტა.

წმინდა სინოდის სხდომა  და პატრიარქის გადაწყვეტილებები 31 ოქტომბერს ვერ დასრულდა. მედიის და სოციალური ქსელის საშუალებით ვრცელდება სხვადასხვა შეფასებები და დასკვნები. სახელმწიფო უწყების ყოფილი და მოქმედი ხელმძღვანელები ერთმანეთის მიყოლებით, პატრიარქთან გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებენ და ერის მოძღვრის სიყვარულში ერთმანეთს ეჯიბრებიან.

 

ყოფილი და მოქმედი მაღალი თანამდებობების პირების შეფასებები

საპატრიაქოში გუშინვე იმყოფებოდა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი.

„ჩემი სურვილით მოვედი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, შევხვდი, რომ გამომეხატა ჩემი მხარდაჭერა, სიყვარული, პატივისციმა და დამეფიქსირებინა ის, რომ არანაირი ასეთი ტიპის ინციდენტები, რომელიც ჩემი შეფასებით, შეუძლებელია ხდებოდეს რაიმე ტიპის პოლიტიკური ან ასეთი ტიპის მიზნების გარეშე და ეს არანაირად არ იმოქმედებს იმ ადამიანზე, ვინც საქართველოსთვის უზარმაზარი ღვაწლი გასწია“, – აღნიშნა საპატრიარქოდან გამოსულმა გიორგი მარგველაშვილმა.

„ეს არის ივანიშვილის ძალმომრეობის პოლიტიკის შედეგი. მან ფეხქვეშ გათელა რწმენაც, ღირებულებებიც, ეკლესიაც, სახელმწიფო და სახელმწიფო ინსტიტუტებიც. ქვეყანაში დაამკვიდრა ქაოსი, არეულობა, შუღლი და დაპირისპირება და რუსული გავლენები. ამიტომ სახელმწოფოებრივი ამოცანაა ოლიგარქის ჩამოცილება ხელისუფლებისაგან, რათა ქვეყანას მიეცეს ამოსუნთქვის და სწრაფი განვითარების საშუალება” – ასე გამოეხმაურა სინოდის გადაწყვეტილებებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

 

რაც შეეხება საქართველოს მოქმედ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, მას ამ დრომდე განცხადება არ გაუკეთებია, შესაბამისად პრეზიდენტის აზრი ქვეყნის უმნიშვნელოვანეს პროცესებთან დაკავშირებით, ჯერ არ ვიცით.

“ფრთხილად იყოს ეგ პეტრე, მაგას თავ-ყბას დავუნგრევთ ჩვენ თუ ესე გააგრძელებს, ეს არის ჩემი გზავნილი იმ აგენტებისადმი, ვინც სააკაშვილი-ბოკერიამ ჩანერგა ეკლესიაში”, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

 

„ის, რაც უკვე დღეს აწ უკვე ბატონმა პეტრემ იკადრა ამას ვგმობთ ცალსახად. მე თავს ვიკავებ რაიმე არ წამომცდეს, რაც ამ სტატუსის შეუფერებელი იქნებოდა, როდესაც ადამიანს გხსნიან (ჩვენს საერო ენაზე ამას ასე ჰქვია), მაშინ არ უნდა გახდე „დასაბმელი“ – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

 

“საქართველოს პატრიარქი არის ჩვენი ქვეყნის სულიერების, ჩვენი წარსულის, დღევანდელობის და მომავლის შემკვრელი სიმბოლო. ადამიანები, რომლებიც ვერ თოკავენ საკუთარ ეგოს, უდიდესი რისკის ქვეშ აყენებენ ჩვენს დღევანდელობასა და ხვალინდელ დღეს. ეს აბსოლუტურად მიუღებელია და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე დღეს იქნება ჩვენი პატრიარქის გვერდით. რა თქმა უნდა, ჩვენ ამასაც მოვერევით, ამასაც გავუძლებთ და აქედანაც უფრო გაძლიერებული გამოვალთ ჩვენი პატრიარქის ლოცვა-კურთხევით”, – 10 წუთით შეირბინა გიორგი გახარიამ საპატრიარქოში.

 

მღვდელმთავრობიდან განყენების თაობაზე ჭყონდიდის ეპარქიის მღვდელმსახურთა ნაწილი არ დაეთანხმა. მათი თქმით, წალკელ ეპისკოპოსს მეუფე გრიგოლს “ამ სიბინძურის” შესახებ ინფორმაცია ჰქონდა, რომელიც მეუფე პეტრემ მას პირადად მოახსენა.

“სინოდის სხდომაზე წევრებს უნდა მოესმინათ მეუფისთვის, რომელიც ამბობდა რომ მოიყვანდა ხვალ იმ ადამიანებს, ვინ ამ ყველაფერს დაამოწმებდნენ. მეუფეს არ მიეცა საშუალება, რომ ის ყველაფერი, რაც მან თქვა გაერკვია შიგნით. მე პირადად ამ გადაწყვეტილებას არ ვემორჩილები”, – აცხადებენ ეპარქიაში.

 

ვიდრე წმინდა სინოდი საპატრიარქოში ხმაურის ფონზე მტკივნეულ გადაწყვეტილებებს იღებდა, ამასობაში დედაქალაქში ამინდიც რამდენჯერმე შეიცვალა. ჯერ ცა მოიღუშა, მერე გაწვიმდა, შემდეგ განათდა და თბილისის თავზე ცისარტყელაც გამოჩნდა.

magti 5g