„ჯორჯიან თაიმსის“ და ”გორბის” ერთობლივი რიგით მე-17 ბიზნეს დაჯილდოება 10 ნოემბერს გაიმართება. მზადება ღონისძიებისთვის უკვე დაწყებულია.
როგორც ”ფორტუნას” დაჯილდოების ორგანიზატორებმა აცნობეს, ბიზნეს რეიტინგის ღონისძიების ფარგლებში წელს სიახლეა: პირველად საქართველოში ჩატარდება ინვესტორთა დაჯილდოება Investment Awards, რომლის მიზანია წარმოაჩინოს და პოპულარიზაცია გაუწიოს ინვესტორებს, საინვესტიციო პროექტებს, რომლებიც უკვე განხორციელდა, ან მიმდინარეა და ჯერ არ დასრულებულა.
მათივე ინფორმაციით, “ჯორჯიან თაიმსის” რიგით მე-17 ბიზნეს რეიტინგის ფარგლებში წელს გამოვლინდება 30 საუკეთესო კომპანია/ბიზნესმენი. ამასთან, საუკეთესოთა შორის საუკეთესოს, გრან-პრის მფლობელს, ღონისძიების დღეს, რეიტინგში მონაწილე კომპანიები კენჭისყრის საფუძველზე თავად დაასახელებენ.
”ცერემონიალზე სხვადასხვა ნომინაციებში გამოვლენილი ბიზნესმენები სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდებიან, საუკეთესოთა შორის საუკეთესოს გადაეცემა გარნ-პრი, ბიზნესის ეროვნული ჯილდო, ხელნაკეთი და ექსკლუზიური კომპოზიცია „ბოლნური ჯვარი“, რომელიც დამზადებულია ძვირფასი ლითონებისგან: ოქრო (31,5გრ) ვერცხლი (12გრამი), ბრილიანტი (1 ცალი), ლურჯი საფირონი (1ცალი),ფირუზი (4 ცალი), ცირკონი (2 ცალი), მწვანე ძოწი (2 ცალი)”, – აღნიშნავენ ღონისძიების ორგანიზატორები.
მათივე თქმით, პროექტის მიზანია ეროვნულ ბიზნესში ყველაზე წარმატებული დარგების განსაზღვრა, დიალოგის მხარდაჭერა ბიზნესს, ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის. ასევე, ქართული ბიზნესის ახალი იმიჯის ჩამოყალიბება, ახალი პერსპექტიული კომპანიების წარმოჩენა და, რაც მთავარია, ქართული ბიზნესის მიმართ მსოფლიო ბიზნეს-საზოგადოების ყურადღების მიპყრობა.
ცნობისთვის, მედიაჰოლდინგ “Georgian Times “-სა და საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევების კომპანია GORBI-ს 21-წლიანი თანამშრომლობა აკავშირებს. აღნიშნული ბიზნეს დაჯილდოება 1995 წლიდან დღემდე ყოველწლიურად ტარდება.