„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ მოსახლეობას ოდორანტის სუნის შესაძლო გავრცელების შესახებ აფრთხილებს, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.
კომპანიის ინფორმაციით, ბუნებრივი გაზის ოდორიზების უწყვეტი პროცესიდან გამომდინარე საჭიროა ოდორანტის ტრანსპორტირება შესაბამის გაზგამანაწილებელ სადგურებში. კერძოდ, დღეს ოდორანტის ტრანსპორტირება განხორციელდება თბილისში, ნავთლუღის გაზგამანაწილებელი სადგურის მიმართულებით.
„ოდორანტის ტრანსპორტირება ასევე მოხდება შპს „ბორჩალოს“ (მარნეულის რაიონი), ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ სასირეთის, შპს „ჩირინა 3“-ისა და ვაზიანის (გარდაბნის რაიონი) გაზგამანაწილებელი სადგურების მიმართულებით. აქედან გამომდინარე, შესაძლოა, ოდორანტის ტრანსპორტირების პროცესში დაფიქსირდეს აღნიშნული ნივთიერების სუნი, თუმცა ეს ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს“, – ნათქვამია „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.