LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული სათბური, სადაც წარმოება ჰოლანდიელი და ფრანგი აგროინჟინრების მეთვალყურეობით მიმდინარეობს

463

თანაინვესტირების ფონდმა საზოგადოებას საქართველოში ყველაზე მასშტაბური, 12 ჰექტარზე გაშენებული და უახლესი ევროპული ტექნოლოგიებით აღჭურვილი „პლანტას“ სასათბურე კომპლექსი წარუდგინა.

 როგორც ”ფორტუნას” ფონდიდან აცნობეს, გარდაბანში „პლანტას“ სასათბურე მეურნეობა საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ერთ-ერთი წარმატებული საინვესტიციო პროექტია, რომლის იდეაზე მუშაობა ფონდმა 2014 წელს, სასათბურე მეურნეობის დარგში წამყვან ევროპულ კომპანია რიშელ ჯგუფთან (Richel Group) ერთად დაიწყო.  სასათბურე მეურნეობის გასავითარებლად გარდაბნის მუნიციპალიტეტი შეირჩა. ეს ადგილი საქართველოს მასშტაბით ინსოლაციის მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა, რაც ამ ტიპის მეურნეობების განვითარებისთვის ბუნებრივად ხელსაყრელ პირობას ქმნის.

”პროექტის პირველი ფაზა რიშელ ჯგუფთან (Richel Group) თანამშრომლობით, 2015 წლის გაზაფხულზე დასრულდა, რომლის ფარგლებში 10 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ინვესტიცია განხორციელდა და 4.4 ჰა სასათბურე კომპლექსი აშენდა.  2016 წელს პროექტის მეორე ფაზა განახორციელდა და „პლანტას“ სასათბურე მეურნეობა 12 ჰექტარამდე გაფართოვდა. ფონდმა მეორე ფაზის ფარგლებში კიდევ ერთ პარტნიორთან, სასათბურე მეურნეობის დარგში ასევე წამყვან ევროპულ კომპანია სერტონთან (Certhon) ითანამშრომლა. პროექტის ფარგლებში განხორციელებული ინვესტიცია $22.2 მლნ ამერიკულ დოლარამდე გაიზარდა”, – აღნიშნეს თანაინვესტირების ფონდში.

მათივე ცნობით, გასულ სეზონებზე, „პლანტას” სათბურებში წარმოებულმა პროდუქციამ 2,000 ტ შეადგინა. სასათბურე მეურნეობის 12 ჰექტარამდე გაფართოვების შემდეგ პროდუქციის მოცულობა გასამმაგდა. შედეგად, წარმოებული პროდუქციის წლიური მაჩვენებელი 6,000 ტონას გადააჭარბებს (3,693 ტონა კიტრი და 3,022 ტონა პომიდორი).

აღსანიშნავია, რომ გასულ სეზონზე, საქართველოს მასშტაბით,„პლანტას“ სასათბურე მეურნეობაში 1 მ²-ზე მოსავლიანობის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა: გაზაფხულზე 48.7 კგ/მ², ხოლო შემოდგომაზე 15.2 კგ/მ².

როგორც თანაინვესტირების ფონდში აცხადებენ, სათბურეში წარმოების პროცესი მიმდინარეობს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, მაღალკვალიფიციური ჰოლანდიელი და ფრანგი აგროინჟინრების, ტექნოლოგების და ბიოლოგების ზედამხედველობით. მოსავლის აღება ხდება ყოველდღიურად. შესაბამისად, მომხმარებლებს მიეწოდებათ უმაღლესი ხარისხის, ყოველდღიურად ახალი პროდუქტი.

 ევროპული დანადგარებით აღჭურვილ, მაღალტექნოლოგიურ სასათბურე კომპლექსში წარმოებული ბოსტნეული კულტურები ბაზარზე „პლანტას“ სავაჭრო ნიშნით არის წარმოდგენილი. წელს „პლანტა“ მომხმარებლებს კიტრის კულტურებთან ერთად პომიდვრის კულტურებსაც შესთავაზებს. პომიდვრის პირველ მოსავალს კომპანია მიმდინარე წლის დეკემბერში ელოდება.

დღეისთვის „პლანტას“ ბოსტნეული კულტურების შეძენა თბილისის ყველა მსხვილ სუპერმარკეტსა და ხილ-ბოსტნეულის მაღაზიაში არის შესაძლებელი. პროდუქციის ნაწილი წარმოდგენილია საექსპორტო ბაზარზეც, კერძოდ რუსეთის ფედერაციაში. დღეს „პლანტა“ კიტრის ერთადერთი ექსპორტიორი კომპანიაა საქართველოში.

ამასთან, პროექტის ფარგლებში, ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობით გარდაბნის მუნიციპალიტეტში შეიქმნა ახალი სამუშაო ადგილები. ამჟამად „პლანტას“ სათბურებში დასაქმებულია 146 ადამიანი, ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობა. 2016 წლის ბოლოს მათი რიცხვი 250-მდე გაიზრდება.

გრძელვადიან პერიოდში სასათბურე მეურნეობა შეიძლება 35 ჰა-მდე გაფართოვდეს, რაც ინვესტიციის $40 მლნ ამერიკულ დოლარამდე გაზრდას გულისხმობს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g