LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათო ევგენიძემ სმას თავი დაანება – „სიკვდილისთვის ხშირად მითქვამს, კაი, რა არ წამიყვანო-მეთქი…“

467

მუსიკოს დათო ევგენიძეს, მეუღლესთან, ნინო ჟვანიასთან ერთად, „აკადემია ლაუნჯში“ შევხვდით. ბევრ თემაზე ვისაუბრეთ, მათ შორის შევიტყვეთ ისიც, რომ წყვილმა ერთად ყოფნის 12 წლისთავი აღნიშნა. ამ ხნის განმავლობაში ჰქონდათ კრიზისული პერიოდები, როგორც ყველა წყვილს, თუმცა მათი გადალახვა მოახერხეს. ყველაზე დიდი პრობლემა, როგორც თავად მუსიკოსი აღიარებს, მისი ალკოჰოლისადმი სიყვარული გახლდათ, თუმცა ახლა საერთოდ აღარ სვამს.

დავიწყოთ დღევანდელი დღით, 19 ნოემბერს ირაკლი ჩარკვიანის დაბადების დღეა…

დათო:

ეს დღე ბევრი ემოციის მომტანია. პირველი – ტკივილია, რადგან ირაკლისთან ერთად არ ვარ. ვნერვიულობდი, როცა საუბარი იყო ირაკლის ძეგლის გახსნაზე. ვფიქრობდი, არ ყოფილიყო ისეთი, როგორიც ირაკლის არ წარმოედგინა. ბედნიერი ვარ, რომ რაც ვნახე, ძალიან მომეწონა.

teqstირაკლიზე ორი წლით უფროსი ვიყავი. ბაკურიანში გავიცანით ერთმანეთი ძალიან პატარებმა, ორივეს გრძელი თმა გვქონდა. ის მესამე კლასში იყო, მე – მეხუთეში. რამდენიმე წლის შემდეგ ჩვენი მეგობრის დაბადების დღეზე შევხვდით. სოლოლაკიდან „ელექტრონიკამდე“, სადაც ირაკლი ცხოვრობდა, წამოვედით ცეკვა-ცეკვით. იმ დღიდან მოყოლებული შევიმუშავეთ ჩვენი ენა, რომელიც მხოლოდ ჩვენ ორს გვესმოდა. სიტყვებით ვსაუბრობდით, თუმცა სხვებისთვის არაფრისმთქმელი და დაუწყობელი წინადადებები იყო. დავრჩი მარტო, ამ გამოხატულების მქონე ადამიანი მეორე არ არსებობს, ხანდახან იქ ველაპარაკები ხოლმე… არის მარტოობის განცდა, ძალიან ძლიერი. მართლა ვართ დაკარგული თაობის წარმომადგენლები, რადენიმე ადამიანი დავრჩით მათგან, ვინც „მუზასთან“ იკრიბებოდა შატალოზე. მიხარია, რომ ახალ თაობას ირაკლი ჩარკვიანი უყვარს.

როცა ახალ ადამიანს გაიცნობთ, მისი დამოკიდებულება მუსიკის მიმართ შთაბეჭდილების ჩამოყალიბებაში რა როლს თამაშობს და მეორე ნახევართან დაკავშირებით იყო თუ არა მნიშვნელოვანი, რომ მას მუსიკა ჰყვარებოდა?

სხვა შემთხვევაში ნინო ჩემი ცოლი ვერ გახდებოდა (იღიმის), გამორიცხულია… ნიშანდობლივია, რომ ახლა ჩვენ „აკადემიაში“ ვართ, რადგან ამ შენობასთან ახლოს ცხოვრობდა ნინო. სოხუმიდანაა, ომამდე გამოუშვეს თბილისში. აქვე იყო ჩემი მეგობრის ოფისი, ხშირად მოვდიოდი, რომ ნინო ფანჯრიდან დამენახა, ძალიან მომწონდა. ვცდილობდი, სადმე შევხვედროდი. ქვეცნობიერად ვგრძნობდი, რომ ჩვენ ოდესღაც ერთად ვიქნებოდით.

ნინო:

დათოს ძალიან ბევრი წელია ვიცნობ. კარგად მახსოვს ერთი დღე. 90-იანი წლები იყო, მე და ჩემი მეგობარი ქუჩაში მოვდიოდით. გაჩერდა მანქანა… დათო, ირაკლი ჩარკვიანი და ანრი ბასილაია ისხდნენ. ფილარმონიაში მიდიოდნენ, სტუდიაში, სიმღერის ჩასაწერად. ახალ ალბომზე მუშაობდნენ. ჩვენც წაგვიყვანეს. მათზე ბევრად პატარები ვიყავით, აბსოლუტურად სხვა სამყაროში მოვხვდით.

რთულია ხელოვანი ადამიანის ცოლობა?

teqstiძალიან ხშირად მისვამენ ამ შეკითხვას. როგორი ადამიანიც ხარ, ალბათ, იმის მიხედვით, რთულია ან ადვილი. ჩემთვის საინტერესოა, ვიღებ დიდ განათლებას მუსიკაში და მაქვს არასტანდარტული ცხოვრება. შეიძლება, წლების წინ იყო სირთულე, როცა რადიკალურად სხვანაირად დავიწყე ცხოვრება, მერე მივხვდი, რომ უამისოდ ვერც ვიარსებებდი.

სიუპრიზები არის თქვენს ცხოვრებაში?

დათოს უყვარს სიუპრიზები. ერთი კვირის წინ, შეუღლებიდან 12 წლისთავი გვქონდა, პირდაპირი ეთერის საშუალებით მომილოცა. მართლა სიურპიზი იყო, არ ვიცოდი, ძალიან ლამაზი მოლოცვა იყო, რომელმაც შემძრა (იღიმის).

ხელოვანები დაფრინავენო, ამბობენ და საყოფაცხოვრებო ამბებში როგორია დათო?

ესეც ზოგადი გამონათქვამია. დათო ფანტასტიკური მამა და არაჩვეულებრივი მეუღლეა. რა თქმა უნდა, დაფრინავს, ლექსებში, მელოდიებში, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში აქვს ის თვისებები, რაც სხვა ხელოვანებს არ ახასიათებთ. არანორმალური მამაა, ზოგჯერ შემაწუხებლად ყურადღებიანიც (იღიმის). მათ პირად ცხოვრებაში არ ერევა, მაგრამ სულ ურეკავს, კითხულობს, ინტერესდება.

დათო:

სულ დავფრინავ, მაგრამ მიწაზე ვბრუნდები. რაც შეხება პრაქტიკულობას, მგონი, ნოლზე მაქვს. ოჯახური საქმის გაკეთება, რა თქმა უნდა, არ ვიცი. არ ვიცი, სად რა მიდევს. ნინო რომ არ იყოს, ვერ ჩავიცვამ.

ერთმანეთთან გაბუტულხართ, რაზე კამათობთ ხოლმე?

ნინო:

კამათი როგორ არ გვაქვს, მაგრამ არა სერიოზული.

teqstiiდათო:

ჩემს დალევაზე გვქონია ყველაზე ხშირი კამათი და კონფლიქტი. ამას უკვე მორჩი და ახლა მაინტერესებს, რაზე მეჩხუბება. მართლა ბევრს ვსვამდი. სმას მოჰყვება გაუთვალისწინებელი ნაბიჯები, ღამე სახლში არმოსვლა, გადაკარგვა, სხვაგან გაღვიძება, ოღონდ ვიღაცის ოჯახში კი არა, მაგალითად, სკვერში, მინდორში. მპოულობდნენ სასწრაფოში. მქონია ასეთი პერიოდები, ე.წ. „ზაპოი“.

როგორ დააღწიეთ თავი?

ჩვეულებრივად. ავდექი და დავანებე თავი. როცა უჭირთ თავის დანებება, ეს ალბათ, სამედიცინო პრობლემაა. მე კი არ მიჭირდა თავის დანებება, უბრალოდ, არ მინდოდა. ნინომ იცის, არის ღამეები, როცა შეიძლება, სამი-ოთხი კომპოზიცია დავწერო და ლექსები პირდაპირ „ფეისბუქზე“. ასეთი შემოტევის დროს იღლები, გინდა გათიშვა და ალკოჰოლს იყენებ ამისთვის. ამ პერიოდებში საკუთარი თავისგან ვისვენებდი ხოლმე.

იმ დღეს სიკვდილს დავუწერე ლექსი. სიკვდილს ვემეგობრები. ამის გარეშე ხელოვნება არ არსებობს. ამას წინათ მითხრეს, ღვიძლი ძალიან ცუდ დღეში გაქვს, თუ დალევას არ მოეშვები, მოკვდებიო. დავიწყე სიკვდილზე ფიქრი და დავუწერე ლექსი, რამდენჯერ მე თვითონ გინგრევდი კარს, შენ მიხურავდი, ჩემი ექიმიც იყავი და ჩემს სიზმრებში ოთახიც გამოგიყავი-მეთქი, ალბათ შიში მალაპარაკებს, მაგრამ მე თუ კონცერტზე მოვიწყენ, შენ მაინც არ მოიწყინო-მეთქი. სიკვდილისთვის ხშირად მითქვამს, კაი რა, ახლა არ წამიყვანო-მეთქი… ჯიგარია სიკვდილი, მართლა. ადამიანი ხარ, არ გინდა, რომ მოკვდე, არც მე მინდა, მაგრამ ეს ის პაემანია, რამდენჯერაც უნდა დააგვიანო, ერთხელ მიხვალ. ასე რომ, ვეცდები, რომ დიდხანს ვიცხოვრო, ნიკოლოზი მყავს, ნინო, ლუკა და ლიკა, მყავს მეგობრები, ლექსი, მუსიკა…

როცა ლექსებს ვწერ, ნინოს ვაღვიძებ, რომ წავაკითხო. ახლა ლექსებს პირდაპირ „ფეისბუქზე“ ვბეჭდავ, ნინოს დგება, მოდის კომპიუტერთან და კითხულობს, მაგრამ მეორე დღეს აღარ ახსოვს და მეუბნება, რა კარგი ლექსი დაგიწერიაო (იცინის). თურმე ტელეფონში უნახავს, ღამე რომ ვაჩვენე, ის აღარ ახსოვს…

12-წლიანი ურთიერთობა გაკავშირებთ. ქორწინება როგორ უნდა შეინარჩუნო, გაქვთ ამის რეცეპტი?

როცა ერთმანეთზე ფიქრობ, ეს არის წყვილი. საკუთარ თავზე უნდა იფიქრო, მაგრამ ოჯახური ცხოვრების სიმყარე ერთმანეთზე ფიქრშია.

დათო:

teqstiiiiქართველებს ძალიან კარგი სიტყვა გვაქვს – მიყ-ვარ-ხარ. თუ გიყვარს, ე.ი. ვარ და ხარ. როცა გიყვარს, ორივე ხარ. ვარ და ვარ და ხარ და ხარ აღარ გამოდის სიყვარული (იღიმის). ძალიან მიყვარს ჩემი ენა, როცა შოთა გყავს, გალაკტიონი, ვაჟა… როგორც მუსიკოსი, მაინც ვფიქრობდი, რატომ გვაქვს ასეთი უხეში სიტყვა მიყვარხარ. მინდოდა სხვანაირი სიტყვა ყოფილიყო, უფრო რბილი. მერე უცებ დავინახე ეს სიტყვა და ის, რომ მასში დევს – ვარ, ხარ… აღმოჩნდა, რომ ყველაზე მაგრად მთელ მსოფლიოში ჩვენ ვუსხნით ერთმანეთს სიყვარულს.

დათო, ამ წუთას როგორ აუხსნიდით სიყვარულს ნინოს?

აღარ ავუხსნიდი, რადგან ისეთი ახსნილი მაქვს, რომ მგონი, ერთი სული აქვს, გაიქცეს და თავი დაიხსნას (იცინის). რამდენიმე ხნის წინ ლექსი დავუწერე და ჩათვალეთ, რომ ასე ავუხსენი სიყვარული:

„მე მინდა ვიყო შენი მუზეუმი, რომ ყველამ ნახოს შენი მშვენება,

მე მინდა ვიყო შენი ღამე, რომ შენ ღამე ანთებდე ვარსკვლავებს ჩემში,

მე მინდა ვიყო შენი ზღვა, რომ შენ მზესავით ჩადიოდე ჩემში,

მე მინდა ვიყო შენი უსასრულობა, რომ შენ იკარგებოდე ჩემში და მე გპოულობდე…“

გადაღების ადგილი: „აკადემია ლაუნჯი“

ფოტო: დათუნა აგასი

ნინო მურღულია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g