ამერიკული სწრაფი კვების რესტორნების ქსელი Subway საქართველოში ქსელის განვითარების აქტიურ ეტაპზე გადადის. როგორც ”ფორტუნას” ბრენდის ოფიციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში გივი ორდენიძემ განუცხადა, Subway-ის პირველი რესტორანი თბილისის შემდეგ უკვე ბათუმში გაიხსნება.
„ჩვენი ფრენჩაიზის შეძენით დაინტერესებულთა რიცხვი საქართველოში თანდათან იზრდება და ბრენდიც უფრო პოპულარული ხდება. დაგვიკავშირდა ბათუმელი ბიზნმესმელი, რომელიც აჭარაში Subway-ის რესტორნის გახსნითაა დაინტერესებული. ამ ეტაპზე ფრენჩაიზის გაცემის პროცესი მიმდინარეობს. რესტორანი ოფიციალურად 2017 წლის გაზაფხულზე გაიხსნება“, – აღნიძნა ორდენიძემ. მისივე ინფორმაციით, რესტორნის ასაშენებლად ადგილი უკვე შერჩეულია, Subway-ის ობიექტი ახალი ბათუმის ტერიტორიაზე, ბულვარის მიმდებარედ განთავსდება. პროექტში დაახლოებით 500 ათასი ლარის ინვესტიცია განხორციელდება და აქ ადგილობრივი კადრები დასაქმდებიან.
გივი ორდენიძეს თქმით, სხვა ცნობილი ბრენდებისგან განსხვავებით, Subway-ის ფრენჩაიზის გაცემის განსხვავებული სტრატეგია აქვს და მისი შეძენა, გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ნებისმიერ პირს შეუძლია.
”მაშინ როდესაც McDonald’s-ის, Wendy’s-ის თუ KFC-ის შემთხვევაში მხოლოდ 1 იურიდიულ პირზე გაიცემა ე.წ მასტერ-ფრენჩაიზი, Subway ნებისმიერ დაინტერესებულს აძლევს შესაძლებლობას, ამ ბრენდის სწრაფი კვების ობიექტი გახსნას. ამასთან, განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა საკმაოდ მცირეა და 100 ათასი დოლარიდან იწყება”, – განმარტა საქართველოში Subway-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
შეგახსენებთ, ”საბვეი” საქართველოში 2014 წლიდანაა წარმოდგენილი. ბრენდი ამ ეტაპზე 5 ობიექტს ფლობს და ყველა მათგანი თბილისში მდებარეობს. თუმცა, როგორც ორდენიძე ამბობს, არსებობს დაინტერესება ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში ”საბვეის” რესტორნების გახსნისა, შესაბამისად, სამომავლოდ ამ ქალაქებში შესვლაც იგეგმება.
ცნობისთვის, ამერიკული ბრენდი მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში 45 000-ზე მეტ რესტორანს ფლობს.