საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში შვედ კოლეგასთან შეხვედრა გამართა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიხეილ ჯანელიძემ და მარგო ვალმსტრომმა აღნიშნეს შვედეთისა და საქართველოს პარტნიორული ურთიერთობები და სხვადასხვა სფეროში წარმატებული თანამშრომლობა.
ხაზი გაესვა შვედეთის, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატორი ქვეყნის შემდგომ მხარდაჭერას საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანიკური ინტეგრაციის პროცესში. მარგო ვალმსტრომმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შვედეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს მისწრაფებების მიმართ. მისი განცხადებით, საქართველო სამაგალითოა ევროპული დღის წესრიგით გათვალისწინებული რეფორმების თვალსაზრისით და ასევე შთამბეჭდავია ის სამუშაოები, რაც ქვეყანამ ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის პროცესში გასწია და იმსახურებს პროცესის დროულ, წარამტებით დასრულებას.
როგორც მარგო ვალმსტრომმა შეხვედრაზე აღნიშნა, შვედეთი ძალისხმევას არ დაიშურებს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკა მუდმივად იყოს ევროკავშირის პოლტიკის პრიორიტეტებში.
შეხვედრაზე მინისტრებმა ასევე მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები. მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა მარგო ვალმსტრომს საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და სხვადასხვა მიმართულებით რეფორმების განხორციელების პროცესში შვედეთის აქტიური მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებით აღინიშნა შვედეთის განვითარების საააგენტო “სიდას” კონტრიბუცია საქართველოში. მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივას სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმა საქართველო-შვედეთის სავაჭრო პალატის დაფუძნებას, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ამ მიმართულებით თანამშრომლობას და შვედი ბიზნესმენებისთვის საქართველოს ბიზნეს შესაძლებლობებით დაინტერესებას.