იმპორტირებული ”ფრი” საქართველოში ადგილობრივით ჩანაცვლდება. კომპანია „ფრეკო“ გაყინული კარტოფილი “ფრის” წარმოებას იწყებს. შესაბამისი საწარმო კი 2017 წლის 21 იანვარს გაიხსნება და აქ 15 ადამიანი დასაქმდება.
როგორც ”ფორტუნას” ”ფრეკოს” დამფუძნებელმა ირაკლი ქურდაძემ განუცხადა, საწარმოს მშენებლობა ახალციხის რაიონის სოფელ მუსხში უკვე დასრულებულია, მალე კი საწარმოო ხაზების მონტაჟი დაიწყება. კომპანიამ დანადგარები ჩინეთიდან გამოიწერა და მათ ჩამოსვლას ამ დღეებში ელოდება.
”ჩვენი ქარხანა ექსპლუატაციაში იანვრის ბოლოსკენ გაეშვება. სწორედ ამ პერიოდში გამოჩნდება ბაზარზე ”ფრეკოს” პროდუქციაც. საწყის ეტაპზე ”ფრის” რეალიზაცია საზოგადოებრივი კვების ობიექტებში განხორციელდება. ვგეგმათ, სავაჭრო ქსელებში შესვლასაც”, – აღნიშნა ქურდაძემ.
მისივე თქმით, ”ფრეკოს” ”ფრი” იქნება აბსოლუტურად ნატურალური, მისი ღირებულება კი კონკურენტუნარიანი.
”როგორც ბაზრის კვლევამ აჩვენა , ამ ეტაპზე საქართველოში ”ფრის” მწარმოებელი კომპანია არ არსებობს. ადრე იყო ასეთი რამდენიმე ე.წ. ”ცეხი”, თუმცა ნედლეულის არ ქონის გამო დაიხურა. ამიტომ, ბაზარზე ადგილობრივი კონკურენტი არ გვყავს. საქართველოში წარმოდგენილი ”ფრის” 100% იმპორტირებულია თურქეთიდან, ბელგიიდან, გერმანიიდან და ჰოლანდიიდან. ჩვენ სწორედ იმპორტირებული პროდუქტის ჩანაცვლებას ვაპირებთ”, – განმარტა კომპანიის დამფუძნებელმა.
როგორც მან აღნიშნა, ფრეკოს” უპირატესობა ისაა, რომ მომხმარებელს მთლიანად ნატურალურ პროდუქტს შევთავაზებს, დანამატების გარეშე. ”გარდა ამისა, იმპორტულთან შედარებით, დაახლოებით, 15%-ით იაფი იქნება, რადგან გაყინული ფრის ტრანსპორტირება სპეციალური ტრაილერებით ხორციელდება და ორჯერ ძვირი ჯდება. თან, ჩვენი საწარმო მაღალმთიან რეგიონშია და საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებს“, – აღნიშნა ირაკლი ქურდაძემ.
მისივე თქმით, ”ფრეკო” საწყის ეტაპზე 100 ტონა პროდუქციას აწარმობს, მომდევნო წლებში კი ეს მოცულობა სამჯერ გაიზრდება. კომპანია სამომავლოდ ნატურალური ჩიფსების გამოშვებასაც გეგმავს.
ცნობისთვის, კომპანია „ფრეკომ“ 1400 კვადრატული მეტრი ფართობის მიწა სახელმწიფოსგან სიმბოლურ თანხად, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მიიღო. ქარხანაში ჯამში 400 ათასი ლარის ინვესტიცია განხორციელდა.