რუსული მედია საქართველოსთან ფრენების აღდგენის აუცილებლობაზე წერს, რასაც ძირითადად, კორონავირუსს უკავშირებს.
ვებგვერდი tourprom.ru ვრცელ სტატიას აქვეყნებს, სადაც რუსული ტურიზმის სექტორში არსებულ გამოწვევებზე საუბრობს და აქამდე ჩაკეტილ ბაზრებთან, კერძოდ: ეგვიპტესთან და საქართველოსთან ურთიერთობის აღდგენაზე ყურადღებას ამახვილებს.
„2020 წლის გაზაფხულზე რუსი ტურისტებისთვის აქამდე ჩაკეტილი მიმართულებები გაიხსნება, საუბარია ეგვიპტესა და საქართველოზე. ამ მიმართულებით აქტიური კონსულტაციები დაინტერესებულ მხარეებთან უკვე დაწყებულია“, – იუწყება tourprom.ru. როგორც ვებგვერდი ექსპერტებზე დაყრდნობით აღნიშნავს, ამ მიმართულებების გახსნის სასარგებლოდ ახალმა კორონავირუსმა იმუშავა. ჩინეთის ბაზრის ჩაკეტვის და სამხრეთ-აზიის ქვეყნებში ტურებზე მოთხოვნის მკვეთრი ვარდნის შემდეგ, რუსულმა ტურისტულმა სააგენტოებმა დიდი ზარალი ნახეს და საჭიროა ახალი მიმართულებების გახსნა. ახალ მიმართულებებად კი აქამდე კარგად ნაცნობი და პოპულარული, თუმცა ამჟამად ჩაკეტილი ტურისტული ბაზრები: ეგვიპტე და საქართველო მოიაზრება.
„შეგახსენებთ, რუსმა ექსპერტებმა იანვარში მოინახულეს ეგვიპტის აეროპორტები და შეაფასეს მათი უსაფრთხოება… ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეგვიპტესთან პირდაპირი ფრენების განახლება 2020 წლის აპრილის შუა რიცხვებია შესაძლებელი“, – წერს tourprom.ru. რაც შეეხება საქართველოს, რუსული მედია აღნიშნავს, რომ აქ ფრენების აღდგენა საკმაოდ რეალური მაისის შუა რიცხვებში იქნება.
შეგახსენებთ, რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიამომოსვლა, რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, 2019 წლის 8 ივლისიდან შეწყდა.