LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიყვარული, რომელმაც დროს გაუძლო – გასული საუკუნის ყველაზე ვარსკვლავური წყვილები

1410
FORTUNA. GE (1)

საზოგადოება ყოველთვის ადევნებს თვალს ცნობილი ადამიანების სასიყვარულო თავგადასავლებს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ საქმე ვარსკვლავურ წყვილს ეხება. ყველა ისტორია, რომელთა შესახებაც ვისაუბრებთ, ჰეფიენდით არ დასრულებულა. მათ უმეტესობას შეგვიძლია თამამად ვუწოდოთ ტოქსიკური ურთიერთობა და მაინც, ამ წყვილების სიყვარულის ისტორიები დღემდე რჩება სხვა ადამიანებისათვის შთაგონების წყაროდ და აღფრთოვანების მიზეზად

 ფედერიკო ფელინი და ჯულიეტა მაზინა

“რომ არა ფედერიკო, ვერასდროს შევძლებდი ჩემი თავის შეყვარებას. მე ხომ არასდროს ვყოფილვარ ლამაზი. ერთი მოცუცქნული გოგო ვიყავი პატარა მრგვალი სახით და უხეში თმით, ფედერიკომ კი თავი ამქვეყნად ყველაზე სასურველ ქალად მაგრძნობინა”, – წერდა ჯულიეტა მაზინა თავის მოგონებებში.

მაზინა ლეგენდარული რეჟისორის არა მხოლოდ მეუღლე, არამედ ჭეშმარიტი მუზა იყო, რომელსაც ფელინი „თავისი ცხოვრების ულამაზეს ყვავილს“ უწოდებდა.”ჯულიეტა ჩემი ბეატრიჩეა!” – ხშირად ამბობდა ის.

მიუხედავად ამისა, ეს ერთი ნახვით შეყვარება არ ყოფილა. მაზინა და ფელინი ერთმანეთს 1943 წელს შეხვდნენ, როდესაც ფედერიკო 23, ხოლო ჯულიეტა 21 წლის იყო.

ჯულიეტა რადიოსერიალში “ჩიკო და პოლინა” მონაწილეობდა, რომლის სცენარის ავტორიც ფელინი გახლდათ.

ისინი გაცნობიდან რამდენიმე თვეში, 30 ოქტომბერს დაქორწინდნენ, თუმცა მალე სიხარული მწუხარებამ შეცვალა. ორსული ჯულიეტა კიბიდან ჩამოვარდა და ბავშვი დაკარგა. როგორც მაზინა და ფელინი შემდგომ ამბობდნენ, ამ ტრაგედიამ ისინი სამუდამოდ დააკავშირა.

ამის შემდეგ წყვილმა გადაწყვიტა, რომ მათი საერთო შვილები ფილმები იქნებოდნენ და მართლაც, ფელინის  ისეთი გახმაურებული ფილმების შემოქმედებით პროცესში, როგორებიცაა: “ტკბილი ცხოვრება”, “კაბირიას ღამეები”, “კაზანოვა”, “რვანახევარი”, “ამარკორდი”, “რომი”, “ჯინჯერი და ფრედი”  ჯულიეტამ უდიდესი როლი შეასრულა. წყვილის 50 წლიანი ერთობლივი ცხოვრება 1993 წელს დასრულდა, როდესაც ფელინის ინსულტი დაემართა და რამოდენიმე თვეში გარდაიცვალა. მისი გარდაცვალებიდან 5 თვეში გარდაიცვალა ლეგენდარული რეჟისორის ცხოვრების თანამგზავრი და მარადიული მუზაც…


ვივიენ
ლი და ლორენს ოლივიე

ვივიენ ლისა და ლოურენს ოლივიეს წყვილი დღესაც ინგლისის ყველა დროის ყველაზე პოპულარულ წყვილებს შორისაა.

მსახიობებმა ერთმანეთი 1934 წლის ბოლოს  გაიცნეს, როდესაც დამწყები მსახიობი ვივიენ ლი სხვა კაცზე იყო დაქორწინებული და ერთი წლის ქალიშვილი ჰყავდა, ოლივიეს მეუღლე კი ბავშვს ელოდებოდა. მალე მსახიობები ერთმანეთს „ცეცხლში გახვეული ინგლისის“ გადასაღებ მოედანზე შეხვდნენ და მათ შორის რომანი გაჩაღდა, რომელსაც თავიდან ორივე მალავდა.

საბოლოოდ, სპექტაკლ „ჰამლეტზე“ ერთობლივი მუშაობის შემდეგ ლიმ და ოლივიემ მიიჩნიეს, რომ აზრი აღარ ჰქონდა ოჯახების შენარჩუნების მცდელობებს და თავიანთი ურთიერთობის შესახებ განაცხადეს.

მალევე ოლივიე ჰოლივუდში გაემგზავრა, თუმცა უბედური შემთხვევის შედეგად ფეხი დაიზიანა. ვივიენს ასეთ ვითარებაში მისი მიტოვება არ შეეძლო და გადაწყვიტა ამერიკაში წასულიყო, რაც, როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, მის ცხოვრებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და სწორი გადაწყვეტილება იყო.

ვივიენმა „ქარწაღებულნის“ პროდიუსერი დევიდ სელზნიკი, რომელიც დიდხანს და უშედეგოდ ეძებდა სკარლეტ ო’ჰარას როლის შემსრულებელს ერთი ნახვით მოხიბლა და როლიც მიიღო.

ამ როლისთვის მან „ოსკარი“ დაიმსახურა და უზომოდ პოპულარული გახდა.

მალევე ორივე მსახიობმა განქორწინება მიიღო. მათ  1940 წლის 31 აგვისტოს ქალაქ სანტა-ბარბარაში იქორწინეს.

ერთი შეხედვით ყველაფერი იდეალურად აეწყო, თუმცა მხოლოდ ერთი შეხედვით. ერთ დღესაც ლოურენსმა გააცნობიერა, რომ ვივიენმა დიდი ხანია აჯობა სამსახიობო ოსტატობითაც და პოპულარობითაც. იგი დიდებული მსახიობიდან დიდებული მსახიობის ქმრად გადაიქცა და ამის გამო, ვივიენის კარიერულ მიღწევებზე ეჭვიანობა დაიწყო.

ვივიენმა გადაწყვიტა, რომ კარიერა ქმრის დაკარგვად არ უღირდა და შედეგად, უარი თქვა არაერთ მომხიბლავ წინადადებაზე, მედიასთან საუბრისას ქმარს აქებდა და ყოველთვის ხაზს უსვამდა იმას, რომ მასთან შედარებით ოლივიე ბევრად კარგი მსახიობია.

მალევე ლოურენსს მსოფლიო დიდება დაუბრუნდა. მან “ჰამლეტში“ შესრულებული როლისათვის „ოსკარი“ დაიმსახურა, ვივიენის კარიერამ კი მის მიერ არაერთ კარგ ფილმში მონაწილეობაზე უარის თქმის გამო დაღმასვლა განიცადა. მსახიობს ჯანმრთელობის პრობლემები გაუჩნდა. ლის  დეპრესია ტანჯავდადა ორჯერ შეუწყდა ორსულობა. 1945 წელს  ვივიენ ლის ტუბერკულოზის დიაგნოზი დაუსვეს, მკურნალობამ კი მსახიობს ნერვული აშლილობა დამართა. ეგოისტ ოლივიეს ამ ყველაფრის გაძლება აღარ შეეძლო. ვივიენ ლი და ლოურენს ოლივიე 1958 წელს განქორწინდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ამის შემდეგ ლი სცენას და გადასაღებ მოედანს დაუბრუნდა, მისი მეგობრების თქმით იგი ცხოვრების სიყვარულთან განშორებას ვერ ეგუებოდა და საბოლოოდ, „უსიხარულო ცხოვრებამ“ იმსხვერპლა. მსახიობი 1967 წელს, 53 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ელიზაბეტ ტეილორი და რიჩარდ ბარტონი

მსახიობებემა ერთმანეთი “კლეოპატრას” გადაღებისას გაიცნეს და ძალიან მალევე, მათმა რომანმა მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო.

ტეილორის ახალი რომანი არავის გაჰკვირვებია. იმ დროისათვის იგი უკვე ოთხჯერ იყო გათხოვილი, ამიტომ რიჩარდ ბარტონს მეგობრები მას ამ „მონსტრისაგან“ თავის შორს დაჭერას ურჩევდნენ.

მიუხედავად იმისა,რომ ბარტონმა ელიზაბეტ ტეილორზე ორჯერ იქორწინა, მათი თანაცხოვრება ხანმოკლე დაშორებებით საერთო ჯამში მხოლოდ 12 წელს გაგრძელდა.

მოგვიანებით რიჩარდმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა: „ ჩემი და ელიზაბეტის ურთიერთობა იმიტომ ვერ შედგა, რომ ზედმეტად გვიყვარდა ერთმანეთი.“

1984 წლის აგვისტოში რიჩარდ ბარტონი გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს ელიზაბეტი უკვე სხვაზე იყო დაქორწინებული, იგი ღრმა დეპრესიაში ჩავარდა და ნამდვილი ქვრივივით გლოვობდა ბარტონის გარდაცვალებას. მოგვიანებით ტეილორმა განაცხადა, რომ რიჩარდი ერთადერთი კაცი იყო, რომელიც ოდესმე უყვარდა, მისი ყველა დანარჩენი ქმარი კი უბრალოდ კომპანიონი და ყველა მათგანმა ამის შესახებ იცოდა.

პრინცი რენიე და გრეის კელი

უზადო სილამაზისა და მანერების მქონე გრეის კელი და მონაკოს პრინცი რენიე გასული საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წყვილი იყო მიუხედავად იმისა, რომ მათი დაქორწინება სიყვარულით არ მომხდარა.

საშინელებათა ფილმების მამის – ალფრედ ჰიჩკოკის საყვარელი მსახიობი გრეის კელი ჰოლივუდის სხვა კინოვარსკვლავებისაგან გარეგნობით და არისტოკრატული მანერებით გამოირჩეოდა. რენიეზე დაქორწინებამდეც, ჰოლივუდში მას „ნამდვილ პრინცესად“ და “მის მაღალ საზოგადოებად” მოიხსენიებდნენ.

სწორედ ღვთაებრივი სილამაზის, შესანიშნავი მანერების და არისტოტელე ონასისის მცდელობის წყალობით, მონაკოს პრინცმა კელი შეამჩნია. რენიე სხვა ქალზე იყო შეყვარებული, მაგრამ მისი ცოლად მოყვანა არ შეეძლო, რადგან მსახიობი ჟიზელ პასკალი უშვილო გახლდათ. პრინცს კი არ ჰქონდა უფლება, სამეფო მემკვიდრის გარეშე დაეტოვებინა.

რენიემ და გრეისმა ერთმანეთი 1955 წელს კანის ფესტივალზე გაიცნეს, ნიშნობა წლის ბოლოს ფილადელფიაში შედგა, „საუკუნის ქორწილი“ კი 1956 წელს გაიმართა.

მას შემდეგ, რაც გრეისმა რენიეს მემკვიდრე აჩუქა, ხალხმა ის კიდევ უფრო შეიყვარა. მონაკოს პრინცესა ხალხის ნამდვილი რჩეული იყო. მას ნებისმიერი მოქალაქე აღმერთებდა. სწორედ გრეისის დიდ დამსახურებად მიიჩნევა ის ფაქტი, რომ მონაკომ ახალი ეკონომიკური შესაძლებლობები, ტურისტების ულევი ნაკადი და  ინვესტიციები მიიღო.

მიუხედავად იმისა, რომ პრინცს უყვარდა თავისი მეუღლე, რენიე ძალიან ხშირად ცუდად ექცეოდა გრეისს. პრინცი კელის იმაში ადანაშაულებდა, რომ მონაკოელ ხალხს იგი თავად რენიეზე მეტად უყვარდა. გარდა ამისა, გრეის კელის „სამეფო ქორწინების“ გამო უდიდეს მსხვერპლზე წასვლა მოუხდა. რენიემ მას არა მხოლოდ ახალ ფილმებში მონაწილეობა აუკრძალა, არამედ ქვეყნის ტერიტორიაზე იმ ფილმების ჩვენებაც აკრძალა, რომლებშიც კელი მონაწილეობდა.

საყვარელი საქმისგან ჩამოშორებამ და რენიესთან გამუდმებულმა კონფლიქტებმა დაღი დაასვეს კელის ჯანმრთელობას. მიუხედავად ამისა, მან მონაკოს პრინცს სამი შვილი: პრინცესა კაროლინა (1957), მემკვიდრე პრინცი ალბერტ II (1958) და  პრინცესა სტეფანია (1965) გაუჩინა.

გრეის კელი  1982 წელს, ავტოკატასტროფაში მიღებული დაზიანებებით გარდაიცვალა. პრინც რენიეს, რომელმაც 2005 წლამდე იცოცხლა, დაქორწინებაზე აღარასდროს უფიქრია.

არისტოტელე ონასისი და მარია კალასი

სიყვარულის ამ ისტორიის შესახებ, რომელსაც მარია კალასმა ყველაფერი შესწირა, მსოფლიომ დიდი სკანდალის შემდეგ შეიტყო.

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, არისტოტელე ონასისი და „საუკუნის ხმა“ მარია კალასი ერთად ონასისის ცოლმა აღმოაჩინა.

სკანდალიდან მალევე კალასი ქმარს, თავისზე 27 წლით უფროს იტალიელ მილიონერ ჯოვანი ბატისტას დაშორდა და პარიზში, ონასისთან ახლოს დასახლდა.

ცოლს დაშორდა ონასისიც, რომელიც მარიას დაქორწინებას და ჭეშმარიტ სიყვარულს ჰპირდებოდა. მიუხედავად ამისა, არისტოტელე არ ჩქარობდა დაქორწინებას კალასზე, რომელიც უკვე 36 წლის იყო და ძალიან უნდოდა შვილები. 43 წლის ასაკში მარია დაორსულდა, თუმცა ონასისმა შვილის გაჩენის ნება არ დართო და მარიაც დაემორჩილა. ამ გადაწყვეტილებას ლეგენდარული მომღერალი სიცოცხლის ბოლო წუთამდე ნანობდა.

1968 წლის ოქტომბერში არისტოტელე ონასისი ჟაკლინ კენედიზე დაქორწინდა, რამაც მარია კალასი შოკში ჩააგდო. მას ნერვიულობისაგან ხმა წაერთვა, რაც ლეგენდარული დივასათვის სიკვდილის ტოლფასი იყო.

მიუხედავად ყველაფრისა, ონასისი დროდადრო მარიას ცხოვრებაში ჩნდებოდა და უცხადებდა, რომ მის გარეშე ცხოვრება არ შეეძლო. იყო შემთხვევები, როდესაც ონასისი მარიას ფანჯრებთან ღამეს ყვირილში ათენებდა და მომღერალს სახლში შეშვებას სთხოვდა. იგი კალასს ჰპირდებოდა, რომ ჟაკლინ კენედის გაეყრებოდა და შეცდომას გამოასწორებდა.

თუმცა ონასისმა არც ეს დაპირება შეასრულა. იგი 1975 წლის მარტში გარდაიცვალა. ამის შემდეგ მარია კალასმა მხოლოდ ორი წელი იცოცხლა. მომღერლის უკანასკნელი სურვილი მისი ფერფლის იმ ბერძნულ კუნძულთან მიმოფანტვა იყო, რომელზეც არისტოტელე ონასისია დაკრძალული.

 

ფრენკ სინატრა და ავა გარდნერი

„ჰოლივუდის პირველ შავგვრემანად“ და „მსოფლიოს ულამაზეს ქალად“ აღიარებულმა ავა გარდნერმა ფრენკ სინატრა ერთი ნახვით მოაჯადოვა. მათ ერთმანეთი ფილმის, “ჯენტლმენები ქერებს ამჯობინებენ” ჩვენებაზე გაიცნეს. ფრენკს ავაზე დიდი შთაბეჭდილება არ მოუხდენია,  სინატრა კი სახლში მასზე უიმედოდ შეყვარებული დაბრუნდა.

ფრენკი ავაზე იყო შეყვარებული. ნენსი სინატრა ქმრის ღალატს დიდი ხანია, მიჩვეული იყო, მაგრამ ამ შემთხვევაში სათანადოდ შეაფასა დიდი საშიშროება, რომელიც მათ ქორწინებას ემუქრებოდა. მალევე ფრენკმა ნენსის განქორწინება მოსთხოვა, თუმცა ქალი ჯიუტად არ აძლევდა თანხმობას.

მდგომარეობას ამწვავებდა ისიც, რომ ავა გარდნერის თაყვანისმცემელთა უსასრულო რიგებში მილიონერი ჰოვარდ ჰიუზიც იყო. იგი გარდნერს ძვირადღირებული საჩუქრებით ანებივრებდა და ცოლობაც არაერთხელ სთხოვა, თუმცა ყოველთვის უარს იღებდა.

სუიციდის ორი მცდელობის, სკანდალებისა და ეჭვიანობის სცენების შემდეგ, ფრენკმა სანატრელი განქორწინების მიღებაც შეძლო და ჰიუზისგან განსხვავებით, ავა გარდნერისაგან დაქორწინების თანხმობის მიღებაც.

ისინი 1951 წელს დაქორწინდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ ფრენკი და ავა ერთმანეთზე სიგიჟემდე იყვნენ შეყვარებული, მათ ქორწინებას იდეალური არ ეთქმოდა. წყვილი გამუდმებით ჩხუბობდა, რისი მთავარი მიზეზიც ის იყო, რომ ავას შემოსავლები საგრძნობლად გაიზარდა , მისი პოპულარობის მაჩვენებელმა კი ფრენკისას გადაასწრო, რაც სინატრას თავმოყვარეობას ულახავდა.

კრიზისი კიდევ უფრო გააღრმავა ავას ორსულობამ, რომლის ბოლომდე მიყვანაც მსახიობმა ვერ შეძლო. ფრენკი სამსახიობო კარიერას ვერ იწყობდა და ამის გამო ხასიათი სულ უფრო უფუჭდებოდა.

ავა გარდნერმა ვერ გაუძლო საყვარელი მამაკაცის ტანჯვის ყურებას. ვარსკვლავმა უპრეცენდენტო გადაწყვეტილება მიიღო. მან გადაწყვიტა ფრენკისათვის როლის მოსაპოვებლად თავისი ავტორიტეტი გამოეყენებინა. საბოლოოდ, სწორედ ავა გარდნერის მიერ განხორციელებული ზარის წყალობით, სინატრამ მიიღო როლი ფილმში “ამიერიდან და უკუნითი უკუნისამდე”, რომელმაც მას „ოსკარი“ მოუტანა.

ფრენკი კიდევ ერთხელ აღმოჩნდა პოპულარობის ზენიტში და ამით სარგებლობა გადაწყვიტა. მას შემდეგ, რაც მის რომანზე მერილინ მონროსთან მთელმა ამერიკამ დაიწყო ჭორაობა, ავამ განქორწინება მოითხოვა. ვარსკვლავები ოთხი წლის შემდეგ განქორწინდნენ, თუმცა მიუხედავად ამისა, ურთიერთობა არ შეუწყვეტიათ და რთულ სიტუაციებში ყოველთვის მხარში ედგნენ ერთმანეთს.

ავა გარდნერი 1990 წელს, 67 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ჯონ ლენონი და იოკო ონო

 “ბითლზის” სოლისტმა, საქვეყნოდ აღიარებულმა ვარსკვლავმა ჯონ ლენონმა იაპონელი ავანგარდისტი მხატვარი იოკო ონო 1966 წელს გაიცნო. ამ დროისათვის ჯონი სინტია ლენონზე იყო დაქორწინებული და ვაჟი, ჯულიენიც ჰყავდა. იოკო ონო, რომელიც ჯონზე 7 წლით იყო უფროსი, ასევე ქორწინებაში იმყოფებოდა, მისი ქალიშვილი კიოკო კი 3 წლის იყო.

გაცნობიდან ორი წლის შემდეგ იოკო ონო და ჯონ ლენონი მეუღლეებს დაშორდნენ და ერთად ცხოვრება დაიწყეს. მომდევნო წელს “ბითლზი” დაიშალა. განრისხებული ფანები ამაში ონოს ადანაშაულებდნენ.

ჯგუფის დაშლის შემდეგ, ლენონმა  იოკოსთან ერთად ექსპერიმენტული ავანგარდული ალბომი ““Two Virgins”გამოუშვა, რომლის გარეკანზეც შიშველი წყვილი იყო გამოსახული. იოკომ და ჯონმა 1969 წელს იქორწინეს, 1975 წლის 9 ოქტომბერს კი, ჯონის 35-ე დაბადების დღეზე მათ ვაჟი, შონი შეეძინათ.

ჯონ ლენონის და იოკო ონოს ბედნიერი ქორწინება 1980 წლის 9 დეკემბერს, ჯონ ლენონის მკვლელობამ დაასრულა.

ალენ დელონი და რომი შნაიდერი

რომი შნაიდერმა და ალენ დელონმა ერთმანეთი ფილმ „კრისტინას“ გადაღებებზე, 1958 წელს გაიცნეს. ამ დროს რომი შნაიდერი ევროპისათვის საყვარელი ვარსკვლავი იყო, დელონი კი ყველასთვის უცნობი ფრანგი მსახიობი. რომის და ალენის რომანი მოულოდნელად დაიწყო. შნაიდერის მდიდარი მშობლების წინააღმდეგობის მიუხედავად, რომლთათვისაც ალენი ჩვეულებრივი ღარიბი მსხიობი იყო და თანაც ფრანგი,მათ 1959 წლის 22 მარტს ჯვარი დაიწერეს. მიუხედავად ბობოქარი სასიყვარულო ისტორიისა, ალენისა და რომის კავშირი სამოქალაქო ქორწინებით არ დასრულებულა. ყველასთვის მოულოდნელად მსახიობები  ერთმანეთს დაშორდნენ.

ალენთან დაშორების შემდეგ, 1966 წელს რომი ცოლად გაჰყვა გერმანელ რეჟისორსა და მსახიობს ჰარი მეიერს, რომელთანაც შვილი, დევიდი შეეძინა.

რომის ცხოვრება ალენ დელონმა კიდევ ერთხელ დააყენა თავდაყირა მას შემდეგ, რაც დაურეკა და ფილმ „აუზში“ ერთად თამაში შესთავაზა. გადასაღებ მოედანზე მათმა სიყვარულმა ახალი ძალით იფეთქა.

1981 წელს რომის თავს უდიდესი ტრაგედია დაატყდა, მას 14 წლის ასაკში ერთადერთი შვილი გარდაეცვალა, რის შემდეგაც მძიმე დეპრესიაში ჩავარდა და ანტიდეპრესანტების მოხმარება დაიწყო. რომი შნაიდერი 1982 წლის 29 მაისს 43  წლის ასაკში გარდაიცვალა.

ალენ დელონმა რომი  2008 წელს, ფრანგული ოსკარის, „სეზარის“ დაჯილდოებაზე სიტყვით გამოსვლისას გაიხსენა.

„წელს  შენ 70 წელი შეგისრულდებოდა. ძალიან მენატრები.

იმიტომ, რომ ჩვენ დავინიშნეთ 50 წლის წინ.

იმიტომ, რომ ჩვენ ერთად გავცურეთ ფილმში “აუზი” 40 წლის წინ.

იმიტომ, რომ ჩვენ ერთმანეთი გვიყვარდა.

იმიტომ, რომ ჩვენ ბედნიერი ვიყავით ერთად – და უბედური, როცა დევიდი გარდაიცვალა.

იმიტომ რომ ეს ვიყავით მე და შენ – სწორედ ამიტომ” – მიმართა 72 წლის დელონმა თავისი ცხოვრების სიყვარულს.. ალენს არაერთ ინტერვიუში უთქვამს, რომ იგი დღემდე რომის მოგონებებით ცხოვრობს.

mazda magti 5g