იტალიაში პროფესიონალი ფეხბურთელის კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა – იუწყება ესპანური გამოცემები Marca და Sport.es.
ფეხბურთელის სახელი გასაიდუმლოებულია. ცნობილია მარტო ის, რომ ის სერია C-ს გუნდში თამაშობს და ქალაქ სიენას საავადმყოფოშია მოთავსებული. ის სწორედ სიენას პროვინციაში ცხოვრობს.
გასულ კვირას ეს ფეხბურთელი განაცხადში არ შეიყვანეს, რადგან თავს შეუძლოდ გრძნობდა. ექიმებმა კორონავირუსზე ტესტი გააკეთეს და რამდენიმე საათში კლუბს აცნობეს, რომ დადებითი შედეგი აღმოჩნდა.
ადრე თქვეს, რომ იტალიის ჩემპიონატის მატჩები კალენდრის მიხედვით ჩატარდება, ოღონდ მაყურებლის გარეშე. მოყვარულთა შორის პირველობა კი 3 მარტამდე შეჩერდა.
ასევე ცნობილი გახდა, რომ ტემპერატურის გამო „ლაციოს“ ვარჯიშები გამოტოვა სერია ა-ს ბომბარდირმა ჩირო იმობილემ.