უკრაინის პარლამენტმა 4 მარტს პრემიერ-მინისტრის, ალექსეი გონჩარუკის გადადგომას მხარი დაუჭირა.
ვლადიმირ ზელენსკიმ პარლამენტს მიმართა და აღნიშნა, რომ “ახალი ტვინები, ახალი გულები” სჭირდებათ.
353-მა პარლამენტარმა გონჩარუკის გადადგომას მხარი დაუჭირა.
ექსპერტების აზრით, უკრაინაში განვითარებული მოვლენების უკან რუსეთის ინტერესების გავლენას, ან უკრაინელი ოლიგარქების ინტერესების გადანაწილებას ვადევნებთ თავს.
უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით „ფორტუნა“ კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილს ესაუბრა.
„უკრაინაში მიმდინარე მოვლენები ტიპიური მოვლენაა ახალჩამოყალიბებული პოლიტიკური ძალისთვის. გაიხსენეთ ის პერიოდი, როდესაც ხელისუფლებაში მოვიდა „ნაციონალური მოძრაობა“. საქართველოშიც მთავრობის პირველი პარტია მალევე შეიცვალა. ასე მოხდა „ქართული ოცნების“ შემთხვევაშიც.
ცნობილია, რომ გადადგომამდე პრემიერ-მინისტრის, ალექსეი გონჩარუკის ვიდეოჩანაწერი გამოქვეყნდა, სადაც ის ზელენსკის აკრიტიკებდა ეკონომიკის მიმართულებით და არც საკუთარ თავს არ ინდობდა. ვიდეოჩანაწერში ამბობს, რომ ვარსკვლავებს არ წყვეტს ეკონომიკაში. ამით აშკარად აღიარებს, რომ ქვეყანაში პრობლემებია. ეს ნიშნავს, რომ უკრაინაში არ არის პოლიტიკური კლასი. ხშირად ხელისუფლებაში მოდიან გაუთვითცნობიერებელი ადამიანები, რომლებსაც ქვეყნის მართვა არ შეუძლიათ. ვფიქრობ, რომ ზელენსკის ხელისუფლება გამოვა კრიზისიდან, თუმცა არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთი დაინტერესებულია არეულობებით. რუსეთის ინტერესებშია მსგავსი ტიპის არეულობებებით. არეულობაში არ ჩანს, ვინ მართავს არეულობებს.
თუ გვინდა, რომ რუსეთი არ მართავდეს სიტუაციას, მაშინ ჩვენ უნდა გვყავდეს პროფესიონალი ეკონომისტები და პოლიტიკოსები, პოლიტიკოსები“, – აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.
კონფლიქტოლოგის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ზელენსკი პროფესიით მსახიობია, პრეზიდენტობას თავს კარგად ართმევს.
„ზელენსკი, მიუხედავად იმისა, რომ პროფესიით მსახიობია, მე ვიტყოდი, რომ უფრო ართმევს თავს, ვიდრე ვერ ართმევს. როცა კრიზისული სიტუაციაა ქვეყანაში, თამამ ნაბიჯებს დგამს. როდესაც დომბასში დაძაბულობა იყო, ზელენსკიმ თქვა, მაინც გავაგრძელებთ ჩვენს პოლიტიკასო. ეს ძალიან თამამი განცხადებაა. ჩვენს შემთხვევაში ამის გამო პროცესი შეწყდებოდა. ხშირად პროცესის შეწყვეტა კიდევ უფრო ძაბავს სიტუაციას. ზელენსკიმ კი თქვა, რომ პროცესებს არ შევაჩერებთ და არც პროვოკაციას ავყვებითო. მანამდე ზელენსკი პუტინს „ნორმანდიულ ფორმატის“ ფარგლებში შეხვდა. სხვა არ შეხვდებოდა, მაგრამ მან მსოფლიოს კიდევ ერთხელ დაანახვა, რომ რუსეთის სიტყვის ნდობა არ შეიძლება. იცოდა, რომ რუსეთთნ შეხვედრით შედეგი არ მოჰყვებოდა, მაგრამ მან მაინც მოსინჯა მასთან შეხვედრა და ამით უკრაინელ ხალხში უფრო პოლულარული გახდა. ვხედავ, რომ უნდა, უკრაინა გამოიყვანოს კრიზისიდან. ეს არ არის იოლი გასაკეთებელი, ზელენსკი საღად აზროვნებს, მაგრამ გამოცდილება აკლია. რუსეთი კი მის გამოუცდელობას თავის სასარგებლოდ იყენებს“, – განაცხადა ზაქარეიშვილმა სააგენტოსთან საუბარში.
ცნობისთვის, ალექსეი გონჩარუკმა თანამდებობის დატოვების შესახებ პირველად რამდენიმე თვის წინ განაცხადა, თუმცა მაშინ პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ მისი თხოვნა არ დააკმაყოფილა.
უკრაინის რადამ პრემიერ-მინისტრად ვიცე-პრემიერი დენის შმიგალი დანიშნა.
შმიგალმა რადას მინისტრთა ახალი კაბინეტი წარუდგინა.