LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თუ უკრაინაში მიაღწია თავის გეოპოლიტიკურ მიზანს, მეორე სამიზნე საქართველო იქნება” – რისკენ ისწრაფვის პუტინი?

579
ესაა

რუსეთის მიერ აღმოსავლეთ უკრაინის სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის ცნობის შემდეგ, ანალიტიკოსების ნაწილის მოლოდინი, რომ ომი “გარდაუვალია”, გამართლდა. დღეს, 24 თებერვლის დილით, რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო და დაიწყო ქალაქების დაბომბმვა, მათ შორის, კიევისა და ხარკოვის მიმდებარედ.

რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ქვეყანა დიდი ომის ზღვარზეა – მოვლენების ქრონოლოგია

უკრაინამ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა. პარტნიორი ქვეყნების უმეტესობამ კი დაგმო რუსეთის აგრესიული ქმედებები. განცხადებები გაკეთდა საქართველოშიც. სალომე ზურაბიშვილი უკრაინის საკითხზე პარლამენტის რიგგარეშე სხდომას მოიწვევს.

რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის ფონზე, საქართველოს როლსა და პოზიციებზე ისაუბრა  „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორმა, კორნელი კაკაჩიამ. როგორც მან “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა” აღნიშნა, “მიუხედავად იმისა, რომ ომი დაიწყო, ჯერჯერობით საერთაშორისო თანამეგობრობიდან საუბარი არ არის კონკრეტულად იმ საკითხებზე, რომელიც უკრაინას სჭირდება”.

“პირველ რიგში, იმისთვის, რომ უკრაინამ გაუძლოს, მას სჭირდება შეიარაღება, ფინანსები, ჰუმანიტარული დახმარება. უკრაინა საქართველოსგან განსხვავებით დიდი ქვეყანაა, რომელსაც შეუძლია საკუთარი თავი დაიცვას, მაგრამ მას სჭირდება ძლიერი ზურგი. ამ მიმართულებით ჯერჯერობით დამაიმედებელი ინფორმაცია არ არის”, – აცხადებს კორნელი კაკაჩია.

„საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორი მიიჩნევს, რომ საქართველო უფრო მეტად უნდა გააქტიურდეს უკრაინის მხარდაჭერის კუთხით.

“უკრაინისა და საქართველოს სტრატეგიული ველი ერთმანეთთან არის გადაბმული, ამიტომ მისივე თქმით, ის, რაც მოხდება უკრაინაში, პირდაპირი გავლენა ექნება საქართველოზე. ამიტომ საქართველო მეტად უნდა გააქტიურდეს, ეს ეხება უფრო ხელისუფლებას, ვინაიდან უკრაინას საზოგადოების მხარდაჭერა ყოველთვის აქვს.

ბოლო დღეებში იყო ისეთი შეგრძნება, თითქოს ჩვენი საგარეო პოლიტიკა არ გამოხატავდა საზოგადოებრივ აზრის მოთხოვნას. ჩვენ გვახსოვს, რომ 2008 წელს უკრაინის პრეზიდენტი თბილისში ჩამოვიდა, როცა ყველაზე მეტად გვიჭირდა. ფაქტია, ჩვენ შეიძლება სამხედრო გზით ვერ დავეხმაროთ”, – აცხადებს კორნელი კაკაჩია და დასძენს, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს უკრაინისთვის პოლიტიკურ, მორალურ და ჰუმანიტარულ დახმარებას.

მკაფიო მითითებაა, მოქალაქეებმა თავი აარიდონ ქუჩაში სიარულს, თუ იქნება საჰაერო განგაში, მივიდნენ შესაბამის თავშესაფარში – უკრაინაში საქართველოს ელჩი ბოლო ცნობებით

“ღმერთმა არ ქნას და თუ რუსეთმა უკრაინაში მიაღწია თავის გეოპოლიტიკურ მიზანს, მეორე სამიზნე საქართველო იქნება.

ამ ფონზე, საქართველოს არადამაჯერებელი საგარეო პოლიტიკა უკრაინასთან მიმართებაში, ამას დამატებული საქართველოსა და დასავლეთს შორის გაციებული ურთიერთობები, მთლიანობაში ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ქვეყანა თითქოს ისეთ საგარეო პოლიტიკას ატარებს, რომელიც უფრო ეწყობა რუსეთის არგაღიზიანების, ამაზეა აწყობილი და არა იმაზე, რა არის ჩვენი ეროვნული ინტერესი.

აქ არსებობს გარკვეული საფრთხეები, თუ გავითვალისწინებთ, რომ რამდენიმე თვის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თქვა, რომ უკრაინასთან მიმართებაში საქართველოსგან ისინი ელიან დაბალანსებულ პოლიტიკას. რას ნიშნავს ეს? როგორ შეიძლება საქართველოს, რომლის ტერიტორიები ოკუპირებულია, ჰქონდეს დაბალანსებული პოლიტიკა?

მოსკოვს უჩნდება მოლოდინები, რომ საქართველო რაღაცნაირად მისი გავლენის ქვეშ არის და მას შეუძლია საგარეო პოლიტიკაზე მოახდინოს გარკვეული გავლენა”, – აცხადებს კორნელი კაკაჩია.

 

რისკენ ისწრაფვის პუტინი?

 

„საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორი აცხადებს, რომ პუტინს მე-19 საუკუნის რუსეთის იმპერიის აღდგენა სურს.

რაც შეეხება დასავლეთის მხრიდან მოსალოდნელ ნაბიჯებს, კორნელი კაკაჩია მიიჩნევს, რომ ქვეყნებმა, რომლებიც რუსეთს სანქციებს უწესებენ, პრინციპულობა უნდა გამოიჩინონ.

“ზოგს ჰგონია, რომ პუტინს სურს საბჭოთა კავშირის აღდგენა, მაგრამ მის განცხადებებს კარგად თუ გავშიფრავთ, ჩანს, რომ მას რეალურად მე-19 საუკუნის რუსეთის იმპერიის აღდგენა სურს. ისეთ საზღვრებს ავლებს, მათ შორის უკრაინასთან მიმართებაში, რომ სცილდება ამ საბჭოთა გეოგრაფიას. პუტინმა დაკარგა ადეკვატურობა.

რაც შეეხება დასავლეთს, არსებობს განსხვავებები, მათ შორის დასავლური ევროპის ქვეყნები, რომელთაც არ უნდათ რადიკალური ზომების მიღება სხვადასხვა მიზეზების გამო, როცა შეერთებული შტატები მზად არის უფრო მეტი გააკეთოს.

ამ უთანხმოებას ევროკავშირის წამყვან ქვეყნებს შორის,  მშვენივრად იყენებს რუსეთი და იმედი აქვს, რომ მიუხედავად სანქციებისა, გარკვეული პერიოდის შემდეგ, როგორც ეს 2008 წელს მოხდა, დასავლეთი დაივიწყებს ამას და კვლავ აღდგება ნორმალური ურთიერთობები.

ამ სიტუაციაში ეს არ მოხდება. განსხვავებით 2008 წლისა, საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიცია აბსოლუტურად ერთიანია და აქ უკვე საუბარია პრინციპებზე, რომელიც არის ფუნდამენტური ევროპის უსაფრთხოების და თავად გაეროს, როგორც ორგანიზაციისთვის არის ფუძემდებლური. ღვთის გულისათვის, შეაჩერეთ ეს სიგიჟე – გაეროს გენერალური მდივანი, რომ ამას ამბობს, აქ უკვე გასაგებია საერთაშორისო საზოგადოების პოზიცია.

ახლა მთავარი კითხვაა, რამდენად პრინციპულები იქნებიან ის სახელმწიფოები, რომლებიც უწესებენ სანქციებს რუსეთს და რამდენ ხანს გასტანს, რადგან მხოლოდ რუსეთი კი არა, ზარალდება მეორე მხარეც, ვინც აწესებს სანქციებს.

გასაგებია, რომ დღეს დასავლეთი უკრაინის ნაცვლად ვერ იბრძოლებს, მაგრამ უკრაინას სჭირდება მხარდაჭერა ფიზიკური, ასევე, სამხედრო ტიპის, გასაგებია, რომ უკრაინა ნატოს წევრი არ არის და ამის პირდაპირ განხორციელების ვალდებულება დასავლეთს არ აქვს, მაგრამ ეს მხარდაჭერა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან თუ უკრაინა დაეცა, ეს მთლიანად შექმნის სერიოზულ სიტუაციას აღმოსავლეთ ევროპისთვის და დასავლეთ ევროპისთვის”, – განაცხადა “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა” კორნელი კაკაჩიამ

რუსეთ-უკრაინის ომის ქრონოლოგიას და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით აქ.

 

პოპულალურები