კორონავირუსის გამო, იტალიასთან ფრენების შეჩერების საკითხი განიხილება, თუმცა, გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული.
როგორც საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი აცხადებს, თუ ქვეყანას უნდა კორონავირუსის გავრცელების პრევენცია მაქსიმალურად მოახდინოს, მაშინ ფრენები საერთოდ უნდა აიკრძალოს.
მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და აღნიშნა, რომ ახალი კორონავირუსის გამო, იტალიასთან ფრენების შეჩერების საკითხი ამ ეტაპზე მთავრობაში განიხილება, თუმცა, გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. ივანე მაჭავარიანის განცხადებით, იტალიის მიმართულება შედარებით მაღალრისკიანია, თუმცა ფრენების აკრძალვის შემდეგაც მაინც რჩება რისკი, რაც გულისხმობს მოქალაქეების შემოსვლას სხვა ქვეყნებიდან.
„არ დაგიმალავთ, რომ განხილვის საგანია, გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. პრაქტიკულად ყოველდღიურ თათბირებზე განიხილება, სხვა მიმდინარე საკითხებთან ერთად, მათ შორის ფრენების შეწყვეტის საკითხი, მაგრამ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. იტალიის მიმართულება შედარებით მაღალრისკიანია, თუმცა კარგად უნდა ვაცნობიერებდეთ, ეს არის რისკის შემცირებისკენ გადადგმული ნაბიჯი, მაგრამ რეალურად, რისკები მაინც დარჩება, შეიძლება სხვა მიმართულებიდან შემოვიდნენ. თუ გნებავთ, რომ მაქსიმალურად დავიცვათ, მაშინ საერთოდ უნდა ავკრძალოთ ფრენები. ძალიან ძვირი ფასი იქნება გადახდილი და ჩვენ ასევე ამას ვუყურებთ, ჩვენი ევროპელი პარტნიორები და მეგობრები, რა პრაქტიკაა იქ, როგორ იცავენ თავს, რამდენად ძლიერია კონტროლი საზღვრებზე და გვირჩევნია, უფრო ამ გზით ვიაროთ, ინდივიდუალურად შევამოწმოთ, ვნახოთ, რისკები დავთვალოთ, შემდგომში მონიტორინგი შევძლოთ უკვე აქ ჩამოსული ადამიანების, რომ მალევე მივაკვლიოთ, თუ სიმპტომი გამოვლინდა, ვიდრე ასე ავდგეთ და ბევრი მიმართულება გადავკეტოთ“, – განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.
საქართველოში კორონავირუსის მე-4 შემთხვევა დაფიქსირდა
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში ახალი კორონავირუსის მე-4 შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებული იტალიიდან დაბრუნდა. მას საზღვარზე საეჭვო სიმპტომები არ აღენიშნებოდა, თუმცა მოგვიანებით გართულებული ფორმით, მან თავად მიმართა კლინიკას. ამ დროისათვის გავრცელებული ინფორმაციით, მე-4 პაციენტის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, ვიდრე დანარჩენი სამი დაინფიცირებული პაციენტის.