შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქუთაისში, ბათუმსა და მარნეულში თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის სამი მოქალაქე კარანტინში გადაიყვანა.
„თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქის მიერ დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურის (NCDC) გადაწყვეტილების შესაბამისად, პოლიცია უზრუნველყოფს პირის იძულებით კარანტინში მოთავსებას.
საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და პატივი სცეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურის გადაწყვეტილებებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად,კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მონიტორინგს საქართველოს მასშტაბით აქტიურად აგრძელებს“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა 12 მარტის მთავრობის სხდომაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს დაავალა, სრულ კოორდინაციაში ჯანდაცვის სამინისტროსთან, აღასრულოს თვითიზოლაციის წესები და თვითიზოლაციაში მყოფი პირები გააკონტროლოს.