აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის შემდეგ, ტრადიციულად, მართლმადიდებელი საზოგადოება საფლავებზე გადის და პატივს მიაგებენ მიცვალებულებს. საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, დაწესებულია კომენდანტის საათი და იკრძალება სამ ადამიანზე მეტის შეკრება (გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა). ასევე სრულიად აიკრძალა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა. მიუხედავად ამ შეზღუდვებისა, დღეს ხარების ლიტურგიას, სამების საკათედრო ტაძარში მრევლის საკმოდ დიდი რაოდენობა დაესწრო.
აღდგომამდე დაცარიელებული თბილისი: აპირებს თუ არა ხალხი სააღდგომოდ რაიონში წასვლას
ანალოგიური სიტუაცია იყო რეგიონებშიც, განსაკუთრებით ქუთაისში, სადაც ერთ-ერთ ეკლესიაში ადამიანები რეკომენდირებული დისტაციის დაცვას ვერ ახერხებდნენ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, დიდია ალბათობა, რომ ისევე როგორც ქვეყნის სხვა რეგიონებში, თბილისის სასაფლაოებზეც, აღდგომის მომდევნო ორშაბათს, ხალხმრავლობა იქნება. დაწესდება თუ არა რაიმე დამატებითი შეზღუდვები, ან პირიქით რაიმე შეღავათი ამ დღეს, ამის გასარკვევად “ფორტუნა” დედაქალაქის მერიას და შსს-ს დაუკავშირდა.
როგორც მერიაში გვითხრეს, მიცვალებულთა ხსენების დღეს არავითარი შეღავათი არ იქნება, არ გამოიყოფა ავტობუსები სასაფლაოების მიმართულებით როგორც ეს სხვა დროს ხდებოდა, მკაცრი კარანტინის რეჟიმი ჩვეულებისამებრ იმოქმედებს.
სულ რომ სიკვდილი მემუქრებოდეს, აღდგომა დღეს სახლში ვერ დავრჩები – მღვდელმსახური შალვა კეკელია
შსს-ს ცნობით კი, ჯერჯერობით რაიმე სამოქმედო გეგმა, როგორ მოხდება სოციალური დისტანცირების წესის დაცვა სასაფლაოებზე, არ არსებობს, თუმცა უწყებაში აღნიშნეს, რომ ადგილზე სამართლადამცავები იქნებიან მობილიზებულები და კარანტინის რეჟიმის შეზღუდვების დარღვევის შემთხვევაში ნებისმიერი მოქალაქე დაჯარიმდება.