ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი აცხადებს, რომ ბოლნისში ტესტირება აქტიურად მიმდინარეობს და დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა იმაზე ნაკლებია, ვიდრე ამის მოლოდინი არსებობდა. მისი განმარტებით, ბოლნისი ვირუსის ფართომასშტაბიან გავრცელებას გადაუჩა.
„რაც შეეხება ბოლნისს, აქ სწრაფი ტემპით მიმდინარეობს ტესტირება. ამ მასშტაბიდან და იმ მჭიდრო კავშირებიდან გამომდინარე, რაც ჩვენ გვქონდა და მოლოდინები არსებობდა, მინიმალური გამოვლენებია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გადავურჩით დაავადების ფართომასშტაბიან გავრცელებას. ეს კლასტერები სადაც ჩნდება, ერთეული შემთხვევებია დადასტურებული, იმ ჯაჭვშია, რასაც ჩვენ სრულად ვაკონტროლებთ“, – აცხადებს შოთა რეხვიაშვილი.
მისივე ინფორმაციით, ბოლნისში ბოლო 24 საათში აღებული 100-ზე მეტი საკვლევი მასალიდან კორონავირუსი მხოლოდ ერთთან არის დადასტურებული.
ბოლნისი და რაჭისუბანი საკარანტინე ზონად გამოცხადდა (ვიდეო)
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 17 აპრილს მკაცრი საკარანტინო ზომები დაწესდა. არსებული რისკის და ვირუსის ფართოდ გავრცელების პრევენციის მიზნით, მუნიციპალიტეტის სხვა ქალაქებს გამოეყო ქალაქი ბოლნისი და სოფელი რაჭისუბანი. პრემიერის მრჩეველმა სოზარ სუბარმა ზომების გამკაცრების ერთ-ერთ მიზეზად სამედიცინო პერსონალის კორონავირუსით დაინფიცირება დაასახელა.