LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ საქმიანობს მეუღლესთან ერთად მაკა ზამბახიძე სოფელში – „სიმღერა მენატრება…“

1137
maka-zabaxidze-exnews

მაკა ზამბახიძე მეუღლესთან, მიხეილ ჩოხელთან და შვილთან, სალომე ჩიტაძესთან ერთად, დროებით დედოფლისწყაროს რაიონში, ზემო ქედში გადავიდა საცხოვრებლად. „კარანტინმა აქეთ გამოგვხიზნა. მართალია, მე წყნეთში ვცხოვრობ, სადაც საკუთარი სახლი და ეზო მაქვს, ამიტომაც ოთხ კედელს შუა არ ვიქნებოდი გამოკეტილი, თუმცა ჩემი მეუღლის სოფელში ვარჩიეთ ჩამოსვლა, ეს სახლი სულ არ არის მეთვალყურეობის ქვეშ, ეს დრო გამოვიყენეთ, რომ აქაურობისთვის მიგვეხედა“, აღნიშნავს მაკა ჩვენთან საუბრისას.

მაკა ამჟამად სრულად არის ჩამოშორებული თავის საქმიანობას, რომელიც ძალიან ენატრება, თუმცა ფიქრობს, რომ გასაგები მიზეზების გამო, მათი სფერო დიდხანს ვერ შეძლებს სრულფასოვნად აღდგენას…

მაკამ გვითხრა, რომ ამჟამად მთლიანად სოფლის საქმიანობაშია ჩართული.

მაკა ზამბახიძე:

მიხეილთან ერთად, სამეურნეო საქმიანობაში მეც ჩავერთე. ძალიან მიხარია ეს ამბავი, რადგან აგვისტო–სექტემბერში იქნება ულამაზესი მზესუმზირის ყვავილები, სადაც ფოტოების გადაღებასაც ვგეგმავ (იღიმის). დავრგეთ ხეები. ძალიან ადვილად გადის დღე. ისე მოდის საღამოს საათები, რომ ვერ ვხვდებით, როგორ გავიდა. საღამოს ვდიასახლისობ და ვაპურებ ოჯახის წევრებს, რომლებიც დაუღალავად და თავგადადებულად შრომობენ. კარანტინმა კარგი თვისებებიც გამოავლინა. რასაკვირველია, წყნეთშიც შემეძლო ეზოში რაღაცების დარგვა. მაგალითად, ორი წლის წინ პატარა ბოსტანი გავაკეთე და ისეთი გემრიელი კიტრი, პომიდორი და მწვანილი მოვიყვანეთ, რომ დიდი ხანია, არსად მიჭამია. სოფელში უფრო ფართო მასშტაბია და ბევრი რამის გაკეთება შეიძლება. მთელი ოჯახით წამოვედით, სალომეც აქაა, მიხეილი და მისი მშობლები. დაახლოებით ერთი თვეა, აქ ვართ.

მუშაობისას მღერით კიდეც?

მეც ძალიან მენატრება სიმღერა და სალომესაც, თავისთვის დაჯდება ხოლმე, ჩართავს თავის საყვარელ სიმღერებს და მღერის. ყველა მეკითხება, ახალი ხომ არაფერი დაუწერიაო, მაგრამ სამწუხაროდ, გიტარა არ წამოუღია და ინსტრუმენტის გარეშე რთულია. ბევრი სიმღერა აქვს დაწერილი და ჯერ ისინი უნდა გაკეთდეს. ჩვენი პროდიუსერი გადაწყვეტს, ვის როგორ მოარგებს ამ სიმღერებს. სალომეს დაწერილი სამი სიმღერა ჩავწერე, მაგრამ ავტორი ყოველთვის უფრო კარგად ასრულებს.

მაკა, თავის მოვლას როგორ ახერხებ?

ყველაფერს ვასვენებ, სახეს – მაკიაჟისგან, თმას, ფრჩხილებს. ცოტა მომენატრა გამოპრანჭვა და ფორმაში ყოფნა. როდის დადგება ეს დღე, ძალიან ველოდები. მენატრება კონცერტები, ჩემი ბენდი, ახალი სიმღერების გაკეთება. ისეთი კარგი სტარტი გვქონდა აღებული, მანუჩარ მანჯავიძის ახალ სიმღერებს ვაკეთებდით, რომლებიც სპეციალურად მაკასა და „ნონ სტოპისთვის“ დაწერა. უკვე მზადების პროცესში ვიყავით, სიმღერები უნდა გაგვერჩია ბენდთან ერთად და სწორედ მაშინ დაიწყო ეს არანორმალური რეჟიმი…

საინფორმაციო გამოშვებებს უყურებ?

ნაკლებად, არ მინდა ნეგატიური ინფორმაციით დავიტვირთო. ისედაც თვალსაჩინოა, რაც ხდება. დიდად არ მიყვარს ინფორმაციის მოსმენა. მირჩევნია, მარტივი ენით მომიყვეს ვიღაც. კარგი არაფერი ხდება და კარგს არაფერს გადმოსცემენ.

ოჯახსა და ეზოში საქმიანობის გარდა, რითი ხარ დაკავებული?

თუ არ ვამზადებ კერძებს, ვუყურებ ამერიკულ სერიალებს და რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ერთი თურქული სერიალი დავიწყე და ძალიან შემიტყუა. ამჟამად ამერიკული სერიალებიდან ვუყურებ „ეს ჩვენ ვართ“.

კერძები ახსენე და ხშირად დებ ფოტოებს სამზარეულოდან…

მარხვის პერიოდში მოვამზადე ხარჩო სოკოთი. დედა აკეთებს არაჩვეულებრივად ხორცით და მისი რეცეპტი ავიღე, თუმცა ხორცი სოკოთი ჩავანაცვლე. ასევე მოვამზადე ნიგვზიანი ბადრიჯანი. არ დავინანე ნიგოზი და გავძეძგე ნიგვზით. ფოტო რომ გამოვაქვეყნე, სოციალურ ქსელში დიდი კომპლიმენტებიც დაიმსახურა. ჩემი შუ ყველამ იცის და აქაც გავაკეთე სააღდგომოდ. მინდა, პროფესიონალურ დონეზე გადავიღო ვიდეო, როგორ ვამზადებ . ბევრი მესიჯი მომდის, რეცეპტის გამხელას მთხოვენ.

სოკოს ხარჩოს რეცეპტი გაგვიმხილე.

ვიყენებ ხის სოკოს, სხვას არ ვეკარები, ჯერ მოვხარშავ, მერე დავაქუცმაცებ და მოვშუშავ ხახვსა და სუნელებში, რაც ხარჩოსთვისაა განკუთვნილი, ქინძი, უცხო სუნელი, ხარჩოს სუნელი. სოკოს დავასხამ ცხელ წყალს, მივიყვან ადუღებამდე, რა სისქის კონსისტენციის მიღება გვინდა, იმის მიხედვით, მე სქელი მომწონს, მოვაყრი წიწაკას გატარებულ ნიგოზს გემოვნებით (ცოტა ცხარე მიყვარს) და ამას ჩავაყრი სოკოს, მივიყვან შესაბამის კონსისტენციამდე, შემდეგ მარილსა და დაჭრილ ქინძს ჩავაყრი და კერძი მზადაა. საერთოდ, სოკო ხარშვის დროს იკლებს და პატარავდება, ამიტომაც ცოტა მეტი უნდა აიღოთ. ორი კილო კარგად გაგასტუმრებინებთ ხალხს. შეიძლება, კილონახევრიდანაც გააკეთოთ. ნიგოზი 200 გრამი საკმარისია. მაინც უფრო მეტად თვალით ვზომავ. ჩემი მამიდაშვილი ერთ კილო ნიგოზს უშვრება, ეს ბომბია, მაგრამ ყველას არ აქვს ამისი საშუალება, დედაჩემი ასი გრამი ნიგვზიდანაც აკეთებს ისეთ ხარჩოს, რომ მეგრელებს პირს აღებინებს…

მოკლედ, კულინარიაში ნამდვილად გაქვს მიღწევები. როცა ეს ყველაფერი დასრულდება, როგორ ფიქრობ, საქმიანობას ადვილად დაუბრუნდები?

ყველაზე მეტად ის მადარდებს, რომ ჩვენი სფერო დიდხანს ვერ შეძლებს თავის აღდგენას. იქნება ეკონომიკური კრიზისი და ხალხი ასე მარტივად ვერ დაუბრუნდება გართობას, ჩვენ კი კონცერტებსა და ივენთებზე ვართ დამოკიდებული. ყველაფერი დაუბრუნდება თავის რეჟიმს, მაგრამ ცოტა დროში გაიწელება. ყველა სფერომ დაიხია უკან. საკმაოდ კარგად ვმუშაობდით, მაგრამ ახლა არ ვიცი, რა იქნება. როგორც ვიცი, რესტორნები კარანტინის მოხსნის შემდეგ ყველაზე გვიან გაიხსნება, ხალხმრავალ ადგილებს მაინც შეზღუდავენ და ამაზე მეფიქრება. მომღერლები ძალიან დავიჩაგრებით…

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g