საქართველოში მეორე მსოფლიო ომის მონაწილე 372 ვეტერანი ცხოვრობს, მათ შორის ყველაზე ხანდაზმული 106 წლის სამსონ ოგანესიანი, ახალქალაქის მკვიდრია. ფაშიზმზე გამარჯვებიდან 75 წლის აღნიშვნა წელს პირველად საზეიმო ღონისძიებების გარეშე ჩაივლის. საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების მიხედვით აკრძალულია სამზე მეტი ადამიანის თავშეყრა.
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები საზეიმო ღონისძიებს ვერა, მაგრამ საჩუქრებს სახლიდან გაუსვლელად მიიღებენ. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 მაისის 769-ე განკარგულებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები ერთჯერად ფულად სოციალურ დახმარებას ჩაურიცხავს. აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობამ 9 მაისთან, ფაშიზმზე გამარჯვების 75-ე წლისთავთან დაკავშირებით მიიღო.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დახმარების ოდენობა მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისთვის შეადგენს 600 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებისთვის 300 ლარს.
ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების გაცემას თბილისში მცხოვრები მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისა და ამ ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებისათვის უზრუნველყოფს თბილისის მერია, ხოლო დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ ბენეფიციარებს დახმარებას სოციალური მომსახურების სააგენტო ჩაურიცხავს.