LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მედიასაშუალებები მასალას ჩვენი ლოგოს გარეშე ვეღარ გამოიყენებენ” – მაღლაფერიძე კახიძეს პასუხობს

64

”ოთარ კახიძის განცხადება, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი კერძო ტელევიზიებს მხოლოდ იმ სხდომის ლაივსტრიმს მიაწვდის, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის ეთერში გავა, სიმართლეს არ შეესაბამება” – ამის შესახებ ”ფორტუნას” საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ განუცხადა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორისთვის უცნობია, რის საფუძველზე გააკეთა ოთარ კახიძემ აღნიშნული განცხადება.

„ პოლიტიკოსები, როგორც წესი, რაღაც პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე აკეთებენ ხოლმე ასეთ განცხადებებს და ეს მათი უფლებაა. მე, პირადად, არც საჯარო და არც ვიწრო წრეში მსგავსი არაფერი მითქვამს. თუ ოთარ კახიძეს ჩემი ფიქრების კითხვა შეუძლია, ესეც უნდა ვიცოდე,” – აცხადებს ვასილ მაღლაფერიძე.

მისივე თქმით, კერძო ტელეკომპანიები საზოგადოებრივი მაუწყებლისგან მიწოდებულ მასალებს მაუწყებლის ლოგოს გარეშე ვეღარ გამოიყენებენ, რადგან ეს აზიანებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ინტერესებს.

”ამბავი არის ის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი გადასცემს პარლამენტის და კომიტეტის სხდომებს კერძო ტელევიზიებს კვლავ უფასოდ, რადგან ეს არის ჩვენი მოვალეობა, თუმცა ერთი განსხვავებით: მედიასაშუალებები ამ მასალას ჩვენი ლოგოს გარეშე ვეღარ გამოიყენებენ. ამაზე იხარჯება ჩვენი ადამიანური და ფინანსური რესურსი, სწორედ ამიტომ ვთქვით, რომ ჩვენი ლოგოს გარეშე ამ მასალის გადაცემის პრაქტიკა აღარ განმეორდება. ამან შეიძლება გარკვეულ მედიასაშუალებებს შეუქმნა დისკომფორტი და, შესაძლოა, ამ ყურმოკრულზე გააკეთა ოთარ კახიძემ განცხადება.

ჩვენი კონკურენტუნარიანობის, ბიზნესისა და კოლეგიალობის კანონი მოითხოვს, ერთმანეთის მასალის გამოყენების დროს მივუთითოთ წყარო, საიდანაც მასალას ვიღებთ” – აღნიშნავს ”ფორტუნასთან” ვასილ მაღლაფერიძე.

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, ოთარ კახიძემ განაცხადა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით, კერძო ტელევიზიებს პარლამენტში გამართული სხდომებიდან მხოლოდ იმ სხდომის ლაივსტრიმი მიეწოდებათ, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის ეთერში გავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g