პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ბოლო დროს მის პირად ტელეფონზე შედის არაერთი უცნობი პირის ზარი, დახმარების თხოვნით. ამის შესახებ დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტში ისაუბრა, სადაც დღეს პრემიერ-მინისტრმა დეპუტატებს წარუდგინა ანგარიში, თუ როგორ მართავდა მთავრობა ქვეყანას კორონავირუსის პანდემიის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში.
დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ მის ნომერს მოქალაქეებს პოლიტიკური ოპონენტები აძლევენ იმისთვის, რათა საზოგადოება გააღიზიანონ და ამაში პოლიტიკური სარგებელი ნახონ.
„კონკრეტული ზარით უკავშირდებიან, მას ეუბნებიან, რომ ეს არის “ქართული ოცნების” ოფისი, აძლევენ ჩემს ნომერს და კიდევ ერთი კომიტეტის თავმჯდომარის და ეუბნებიან, რომ მიმართეთ მათ და თქვენ გეკუთვნით 400 ლარიანი დახმარება და 150 ლარიანი ვაუჩერი“,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
სხდომაზე გამოსვლისას დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ ბოლო ზარი ფულადი დახმარების თხოვნით მის ნომერზე 27 მაისის საღამოს ხულოდან განხორციელდა. დეპუტატი აპირებს ნომერი შესაბამის უწყებებს გადასცეს.