LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეზო გიგინეიშვილის „მძევლები“ – ფილმის ძლიერი და სუსტი მხარეები

954

„მძევლები“ 2017 წლის დრამაა 1983 წლის მოვლენებზე, რომლებიც საქართველოში განვითარდა – რამდენიმე ახალგაზრდამ საბჭოთა კავშირიდან გაქცევა გადაწყვიტა და თვითმფრინავი, „ტუ 134“ გაიტაცა, რომელიც თბილისიდან ბათუმში მიფრინავდა. მათი სურვილი იყო, თვითმფრინავს გეზი თურქეთისკენ აეღო, თუმცა გამტაცებლებს წინააღმდეგობა ეკიპაჟმა გაუწია, თვითმფრინავი თბილისში დაბრუნდა და დაჯდა, სადაც ის შტურმით აიღეს. გამტაცებლებს შორის იყვნენ  გეგა კობახიძე, დავით მიქაბერიძე, სოსო წერეთელი, კახა ივერიელი, პაატა ივერიელი, გია ტაბიძე და თინა ფეტვიაშვილი.

თვითმფრინავის გატაცებისას დაიღუპნენ ორი პილოტი და ბორტგამცილებელი, ორი მგზავრი და რამდენიმე გამტაცებელი. გია ტაბიძე ატეხილი სროლის შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა. ყელში დაიჭრა და მოგვიანებით სისხლისგან დაიცალა სოსო წერეთელი, სასოწარკვეთილმა დავით მიქაბერიძემ კი, როგორც კი თბილისის აეროპორტში დასხდნენ, თავი მოიკლა.

თინა ფეტვიაშვილს თოთხმეტი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, დანარჩენებს სასჯელის უმაღლესი ზომა — დახვრეტა. საქმეში ფიგურირებდა კიდევ ერთი ადამიანი, სასულიერო პირი, მამა თეოდორე, იგივე თეიმურაზ ჩიხლაძე. იგი 1983 წლის 2 თებერვალს აიყვანეს ანტისაბჭოური ტერორისტული ჯგუფის იდეური მხარდაჭერისათვის და სამართალში მისცეს.

წლების განმავლობაში „თვითმფრინავის ბიჭების“ შესახებ სხვადასხვა ჭორ-მართალს გაიგონებდით. ეს ამბავი დათო ტურაშვილმა „ჯინსების თაობაში“ აღწერა, რომელიც მალევე სპექტაკლად იქცა და ის უამრავმა ადამიანმა ნახა.

რამდენიმე წლის წინ კი რეზო გიგინეიშვილმა ამ მოვლენებზე დაყრდნობით ფილმის გადაღება გადაწყვიტა. სცენარი მას, ლაშა ბუღაძესა და ირაკლი კვირიკაძეს ეკუთვნით. ფილმის პრემიერა „ბერლინალეზე“ შედგა, ქართულ კინოეკრანებზე კი 20 აპრილს გამოვიდა.

პრემიერის შემდეგ საინტერესო შეფასებებს გაიგონებდით მაყურებლებს შორის. ერთ რამეზე ყველა შეთანხმდა, რომ შეუძლებელია, ამ ფილმს გულგრილად შეხედო.  კინოჩვენების შემდეგ განწყობაც შესაბამისი იყო.

„მძევლების“ დადებით მხარეებზე ვისაუბროთ – პირველ რიგში, სამსახიობო ანსამბლით უნდა დავიწყოთ, რომელიც მართლაც ძალიან კარგადაა შერჩეული. რეზო გიგინეიშვილმა შესანიშნავ, უკვე ყველასთვის კარგად ცნობილ მსახიობებთან – ავთო მახარაძესთან, მიშა გომიაშვილთან და დარეჯან ხარშილაძესთან ერთად, ახალგაზრდები: ირაკლი კვირიკაძე, თინა დალაქიშვილი, გიგა დათიაშვილი, გიორგი გრძელიძე, გიორგი ხურცილავა, გიორგი ტაბიძე, ვახო ჩაჩანიძე, კატო კალატოზიშვილი შეარჩია. მსახიობებმა რეჟისორის მიერ დასმული ამოცანა შესანიშნავად გაითავისეს და  კარგი პერფორმანსები შემოგვთავაზეს, რითაც საკუთარი პერსონაჟები, რომლებიც რეალურ ცხოვრებაშიც არსებობდნენ, ბუნებრივად განასახიერეს. ფილმში საბჭოთა დროინდელი საქართველოს გარემოა შექმნილი და იმ ეპოქის განწყობაც დაჭერილია, რაც ამ ნამუშევრის შემთხვევაში, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.

სცენარისტებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ ფილმი რეალურ მოვლენებს არ მიჰყვება, თუმცა იმ მაყურებლისთვის, რომელსაც ეს ამბავი უამრავჯერ აქვს მოსმენილი და საქმის ძირითადი არსიც იცის, ეს საკმაოდ ძნელი მისაღები აღმოჩნდა. ამ ვერსიის გასამყარებლად ფილმში პერსონაჟების სახელები და გვარებიც შეცვლილია, თუმცა რაც უნდა იყოს, ის მაინც „თვითმფრინავის ბიჭების“ ამბავზე დაყრდნობით შეიქმნა და აქ მივდივართ იმ მხარესთან, რომელიც, ბევრის აზრით, შედარებით სუსტია – ფილმის პირველი, დაახლოებით 20 წუთი ისე მიმდინარეობს, რომ მაყურებელი, რომელმაც არ იცის, რას უყურებს, ამბავს ვერ იგებს, ყველაფერი, ფაქტობრივად, დიალოგების გარეშე მიდის. პერსონაჟები საკმარისად არ არის გახსნილი, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ისინი არიან ადამიანები, რომლებმაც თვითმფრინავის გატაცება გადაწყვიტეს მხოლოდ იმიტომ, რომ ბათუმში ზღვაში არ აბანავეს და „ქემელს“ ვერ ეწეოდნენ. ალბათ, მათთვის, ვისთვისაც ის ეპოქა არ არის ახლობელი, იმ დროს არ უცხოვრია და იმ ადგილას, სადაც „თვითმფრინავის ბიჭებს“, მაინც ძნელი იქნება მათი მოტივაციის სრულყოფილად გაგება.  ამ ტიპის ფილმში, რომელიც ჩაკეტილობასა და რკინის ფარდაზე, ადამიანებზე დიქტატზეა საუბარი, პერსონაჟების მოტივაციის სრულად გახსნა ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავია. გამოითქვა მოსაზრება, რომ ეს არის ანტისაბჭოთა ფილმი, რაშიც ამგვარი მოსაზრების ავტორებს ვერ დავეთანხმებით, რადგან საბჭოთა წყობის მანკიერი მხარეები იმდენად კარგად არ ჩანს, რომ ამ ფილმს ანტისაბჭოთა დავარქვათ. უფრო მეტად ჩანს რამდენიმე ახალგაზრდას ბავშვური მოუხეშავობით გადადგმული ნაბიჯი, რომელსაც ფატალური შედეგი მოჰყვა…

მთლიანობაში, „მძევლები“ არის ფილმი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ, რადგან ის საქართველოს ისტორიიდან ერთ-ერთ საინტერესო ფურცელს ეხება, რომლის შესახებაც ბოლომდე სიმართლე ჯერჯერობით არავინ იცის. არც მის შემქმნელებს ჰქონიათ მისი გამომჟღავნების პრეტენზია. მათ ამ ამბის თავიანთი, მხატვრული ვერსია გადაიღეს.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g