ლას ვეგასში ერთ-ერთმა სტარტაპ კომპანიამ, ეკო-მეგობრული მაისურების დამზადება დაიწყო.
შეიძლება ბევრი რამ გაქვთ გაგებული, მაგალითად ის, რომ კანაფისგან, ანანასის ქერქისგან ამზადებენ ტანსაცმელს, მაგრამ რძე ალბათ პირველად გესმით.
MI TERRO გაფუჭებულ რძეს გადაამუშავებს და შედეგად მდგრად ბოჭკოებს ქმნის, რომელსაც თავისუფლად შეუძლია მოდის, სამედიცინო თუ სხვა სფეროებში პოლიესტირი სრულად ჩაანაცვლოს.
ბრენდს მაისურების ათზე მეტი დიზაინი აქვს შექმნილი და 40 ქვეყანაში იყიდება.
რძისგან შექმნილი ახალი მატერია რბილი და სუნთქვადია. მისი გარეცხვა სარეცხის მანქანაშიც შესაძლებელია.
რატომ რძე?
რძე მალფუჭებადი პროდუქტია და ყოველწლიურად 128 მილიონი ტონა “იღვრება”. იმის ნაცვლად, რომ ის გადაიღვაროს, სტარტაპის დამფუძნებელმა რობერტ ლუომ, გადაწყვიტა რძე პროტეინად გარდაექმნა, პროტეინი კი ძაფებად. ამისთვის მან ქიმიკოსებთან და სხვა მეცნიერებთან ერთად იმუშავა.
“ყველაფერი იწყება და მთავრდება საკვების ნარჩენებით და ჩვენ ვერთვებით ამ წრიულ ეკონომიკაში”, – განაცხადა რობერტ ლუომ ევრონიუსთან.
საიდან დაიწყო ყველაფერი?
რობერტ ლუოს იდეა მას შემდეგ გაუჩნდა, რაც 2018 წელს ბიძამისის რძის ფერმა მოინახულა. ლუო გაოგნდა იმით, რამდენი გაფუჭებული რძე იყო ფერმაში. აშშ-ში დაბრუნებისთანავე, მან ამ პრობლემის გადაჭრის გზების ძიება დაიწყო.
ევროკომისიის მონაცემებით, ევროკავშირში ყოველწლიურად 88 მილიონ ტონამდე საკვები ნარჩენები გადამუშავდება. მსოფლიოს ნარჩენების პრობლემა დიდი ხანია უდგას და რძის მაისურები პრობლემის მოგვარების ერთი, მცირე თუმცა მნიშვნელოვანი ნაწილი შეიძლება იყოს.