ავსტრალიის ზოოპარკში კოალა და ვომბატი დამეგობრდნენ. ცხოველებს ერთმანეთი ძალიან შეუყვარდათ
ავსტრალიის ზოოპარკში იძულებითმა თვითიზოლაციამ ორი ჩანთოსანი – კოალა და ვომბატი ერთმანეთთან დააახლოვა.
„მათ ბევრი დრო არ დასჭირვებიათ იმისთვის, რომ საუკეთესო მეგობრები გამხდარიყვნენ!“ – განაცხადა ზოოპარკის თანამშრომელმა დენ რამსიმ.
ერთ დღეს ვომბატი სახელად ჰოუპი დროებით კოალას ვოლიერში ჩასვეს, რათა მისი სამფლობელო დაესუფთავებინათ. ჰოუპმა და კოალა ელზამ საერთო ენა უცებ გამონახეს. ცხოველები ძალიან დამეგობრდნენ და ერთად დიდი დროის გატარება დაიწყეს. შეხვედრისას ისინი ერთმანეთს კოცნიდნენ, დაშორებისას კი ძალიან იწყენდნენ. სწორედ ამიტომ, ზოოპარკის თანამშრომლებმა მეგობრების ერთ ვოლიერში გადაყვანა გადაწყვიტეს.
„ძალიან გაგვიკვირდა, როცა დამეგობრდნენ! მართალია, კოალა და ვომბატი საკმაოდ მსგავსი სახეობებია, თუმცა მათი ასე დაახლოება მაინც უჩვეულო რამეა!“ – აცხადებს რამსი.
კოალაცა და ვომბატიც ჩანთიანი ძუძუმწოვრები, შეიძლება ითქვას რომ ახლო ნათესავები არიან. თუმცა მათ შორის მაინც დიდი განსხვავებაა. კოალა ხეზე ცხოვრობს და ევკალიპტის ფოთლებს მიირთმევს, ვომბატი კი მიწაში სოროების თხრითაა დაკავებული.