LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა წესები იმოქმედებს საზღვრების გახსნის შემდეგ: საქართველოს მოქალაქეებს 14-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ

438
32730644-1763925703675372-7257174959804383232-o

დღეს, მთავრობის ადამინისტრაციაში გამართული ბრიფინგიდან  ცნობილი გახდა, რომ საქართველო 5 უსაფრთხო ქვეყანას: გერმანიას, საფრანგეთს, ლატვიას, ლიეტუვასა და ესტონეთს საზღვარს გაუხსნის. როგორც პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, საქართველოში აღნიშნული ქვეყნებიდან შემოსულ ტურისტებს გარკვეულ წესების დაცვა მოუწევთ.

საქართველო 5 ქვეყანასთან საზღვარს ხსნის: რომელი ქვეყნის ტურისტებს შეეძლებათ ქვეყანაში შემოსვლა

რაც შეეხება ტურისტებს, ევროკავშირის მიერ განსაზღვრული უსაფრთხო ქვეყნების სიაში არმყოფ სახელმწიფოებიდან, როგორც ჩიქოვანმა აღნიშნა, მათ სავალდებულო წესით ტესტირებისა და კარანტინის გავლა მოუწევთ.

აღნიშნული მოთხოვნა, ბოლო 14 დღის განმავლობაში ევროკავშირის არაწევრ მაღალი საფრთხის მქონე ქვეყნებში მოგზაურობის ისტორიის მქონე პირებზეც ვრცელდება.

ირაკლი ჩიქოვანმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრ დანარჩენ ქვეყნებთან, რომლებმაც საქართველოსთვის არ გახსნეს საზღვარი, ჩვენი ქვეყნის მხრიდანაც დღეს არსებული რეჟიმი შენარჩუნდება, ხოლო იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებმაც საქართველო შეიყვანეს ე.წ. მწვანე სიაში (გარდა ზემოთ ჩამოთვლილი 5 ქვეყნისა) ან დაუწესეს სხვადასხვა სახის შეზღუდვები, საქართველოში შემოსვლა შეეძლებათ 14-დღიანი სავალდებულო კარანტინის პირობით, რომლის ხარჯებსაც თავად დაფარავენ.

ამ ეტაპზე საზღვრებს საქართველოსთვის არ ხსნიან შემდეგი ქვეყნები: ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, დანია, ნორვეგია, მალტა, ფინეთი, შვეიცარია, ჩეხეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი. აღსანიშნავია, რომ უნგრეთთან ამოქმედდა ერთობლივი შესაბამისი კომისია, რომელიც მუშაობს მიმოსვლის აღდგენის საკითხებზე.

ასევე აღსანიშნავია, რომ საქმიანი ვიზიტით საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს ეკისრებათ ვალდებულება, ყოველ 72 საათში ერთხელ, საკუთარი სახსრებით ჩაიტარონ კოვიდ19-ზე PCR ტესტი, ან გაიარონ სავალდებულო 14-დღიანი კარანტინი, ასევე საკუთარი სახსრებით.

საქართველოს მოქალაქეები კი, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებში იმყოფებოდნენ (მათ შორის იმ 5 ქვეყნიდან დაბრუნების შემთხვევაშიც, რომლებთანაც საზღვრები იხსნება), სამშობლოში დაბრუნებისას სავალდებულო 14-დღიან კარანტინის გავლა მოუწევთ.

“რაც შეეხებათ საქართველოს მოქალაქეებს, ევროკავშირის ქვეყნებში ნებისმიერი მიზნით ვიზიტის შემდგომ, სამშობლოში უკან დაბრუნებისას გაივლიან სავალდებულო 14 დღიან კარანტინს. მნიშვნელოვანია, ჩვენმა მოქალაქეებმა ასევე გაითვალისწინონ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ზემოთ ჩამოთვლილი მიდგომები საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით” – განმარტებულია საქართველოს მთავრობის ოფიციალურ გვერდზე.

 

ამასთან, პრემიერის პრესსპიკერის განცხადებით, ევროკავშირის იმ 5 ქვეყნის მიმართულებით, რომლებთანაც საზღვრებს ვხსნით, რეისების აღდგენის მიზნით, მოლაპარაკებები საერთაშორისო ავიაკომპანიებთან მიმდინარეობს.

“ევროკავშირის იმ 5 მიმართულებით, რომელთანაც ჩვენ უპირობოდ ვხსნით საზღვრებს საავიაციო მიმოსვლის, რეგულარული რეისების აღდგენის მიზნით ვაწარმოებთ კონკრეტულ მოლაპარაკებებს ავიაკომპანიებთან. მინდა გითხრათ, რომ „ლუფთანზასთან“ შეთანხმება უკვე მიღწეულია, რომ აგვისტოდან განხორციელდება კვირაში 2 რეისი. ასევე, მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, როგორც “ეარფრენსთან”, ასევე, “ეარბალტიკთან”, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ასევე გრძელდება საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სმშობლოში დაბრუნების პროცესი. ამ მიზნით, ივლისის განმავლობაში, ავიაკომპანიები Wizzair და Myway Airlines შემდეგ ავიარეისებს შეასრულებენ:

  • 13 ივლისი – ვარშავა,
  • 15 ივლისი – ბარსელონა,
    17 ივლისი – რომი,
  • 22 ივლისი – პარიზი,
  • 28 ივლისი – ათენი.

აღნიშნულ რეისებზე ბილეთის ფასი საქართველოს მოქალაქეებისთვის 200 ევროს არ გადააჭარბებს. ქართული ავიახაზებიც (აირზენა) კი კომერციულ ჩარტერულ რეისებს ვენაში, ამსტერდამსა და თელ-ავივში ახორციელებს.

პრემიერის პრესსპიკერი ასევე აცხადებს, რომ საქართველოს სახმელეთო საზღვრებზე შენარჩუნდება დღეს მოქმედი რეგულაციები. მისივე თქმით, უახლოეს დღეებში ერთჯერადად სპეციალური რეისი ყატარის დედაქლაქ დოჰადანაც განხორციელდება, საიდანაც საქართველოს 105 მოქალაქე სამშობლოში დაბრუნდება. ასევე აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული რეკომენდაციები და მასში მოცემული ქვეყნების სია ყოველ ორ კვირაში ერთხელ განახლდება.

magti 5g