ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე შესაძლოა საქართველოს რამდენიმე რეგიონში საკარანტინე ზომები გამკაცრდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
„დღეს გვიწევს საუბარი დავიწყოთ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობით. ბოლო დღეებში სამწუხაროდ ფიქსირდება ინფიცირების მკვეთრი ზრდა, რაც საყურადღებოა. გუშინ იყო 24 შემთხვევა, დღეს 12. მიუხედავად იმისა, რომ ვფლობთ სიტუაციას და ვაკონტროლებთ ვირუსის განვითარების სისწრაფეს, ყურადღება გვმართებს. განსაკუთრებით ყურადღებას იპყრობს ის გარემოება, რომ გავრცელება ძირითად კონცენტრირდება გარდაბნის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში. ეს ყურადსაღებია, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ, რომ სოციალური სტრუქტურა ამ სოფლებში გახლავთ ისეთი, რომ ბევრი მოქალაქე შრომობს თბილისის ბაზრებსა და ბაზრობებზე. ამიტომ მიღებულია შესაბამისი გადაწყვეტილება, რომ ბაზრებსა და ბაზრობებზე გამკაცრდეს კონტროლი, ეს იქნება თერმოსკრინინგი და ტესტირება. სოფლებში ჩატარდება აქტიური ტესტირება. საყურადღებოა, რომ შტაბს აქვს მიღებული გადაწყვეტილება, სიტუაციის შემდგომი გამწვავების პირობებში გვქონდეს შესაძლებლობა, სწრაფად მოვახდინოთ საკარანტინე ზომების გამკაცრება კონკრეტულ ლოკაციებზე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
შეგახსენებთ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ გარდაბანში მოსახლეობის უმეტესობა ტესტირებას არ თანხმდება, რის გამოც შესაძლოა, რამდენიმე სოფლის ჩაკეტვა მოხდეს.
გამყრელიძის თქმით, განსაკუთრებით ცუდი მდგომარეობაა სოფელ ყარაჯალაში, სადაც ერთი დღის განმავლობაში ეპიდემიოლოგების 6 ჯგუფი მუშაობდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მოსახლეობის ძალიან მცირე რაოდენობის გამოკვლევა მოხერხდა.