LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიშკა ჯავახაძე: „ქართველები ხშირად ვერევით სხვების პირად ცხოვრებაში… მინახავს, როგორ მიჰყვება 30 წლის კაცს სტომატოლოგთან დედა…“

624

ბარბარე მანტკავას როლის შემსრულებელი, მარიშკა ჯავახაძე თავისი როლის შესახებ გვესაუბრა. ბოლო სერიებში, სადაც მის გმირს მეგრელი ნათესავების მთელი არმია მიჰყვა გინეკოლოგთან, ძალიან დიდი რეზონანსი მოჰყვა სოცქსელში.

მარიშკა ჯავახაძე:

სცენარი რომ წავიკითხე, უფრო იმაზე ვფიქრობდი, დაგვეცვა ზღვარი, რომ ძალიან გამაღიზიანებლები არ გავმხდარიყავით მაყურებლებისთვის. ამ ზღვარის დაცვა ცოტა რთულია, მით უმეტეს, როცა შენი გმირი ამბობს – მინდა, ჩემი შვილი ჩემს გვარზე იყოსო… მერე, გადაღების პროცესში მივხვდით, რომ ეს სერია ისეთი სასაცილო გამოვიდოდა და ჩვენც, მე, ნანუკა გულუამ და ნატა ბერეჟიანმა იმდენი ვიცინეთ, რომ მივხვდით, ძალიან მაგარი სერია გამოვიდოდა. ველოდით, ის ორი კვირა როდის გავიდოდა, რომ ჩვენც, მაყურებელთან ერთად გვეხილა, რა გამოვიდა (იღიმის).

მოგვიყევი, როგორ იღებდით ექიმთან მისვლის ეპიკურ სცენას…

მართლა ეპიკური სცენა იყო, საღამოს კაბებით რომ მივდივართ ექიმთან. დოჩი იყო საოცრება, თანაც, ექიმს რომ ეუბნება, ბიჭი უნდა იყოსო (იცინის). ისე გვეცინებოდა ყველას… მთავარი, რაც ამ გადაღებიდან დამამახსოვრდა, ის იყო, რომ მოსაცდელში ახლად დაბადებული ბავშვები გამოჰყავდათ, მათ მშობლებს კი სურდათ, რომ პატარებთან ერთად გადაგვეღო ფოტოები. ეს ისეთი სასიამოვნო პროცესი აღმოჩნდა, რომ არასდროს დამავიწყდება. ძალიან კარგი აურა შეიქმნა.

თუ გწერდნენ სოცქსელში ამ სერიის მერე? ბევრი გამოხმაურება წავიკითხე, ზოგი წერდა, რომ მეგრელები მართლა ასე დადიან ექიმებთან, ზოგიც – არა.

არ ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ მეგრელების დამახასიათებელი თვისებაა. ზოგადად, ქართველებს გვჩვევია გარშემო მყოფების პირად ცხოვრებაში ისე ჩარევა, რომ მაგალითად, გინეკოლოგთან გამოგყვნენ. მხოლოდ მეგრელებზე არაა საუბარი, ქართველები ვართ ასეთი ერი. ხშირად მინახავს, რომ 30 წლის კაცს დედა მიჰყვება სტომატოლოგთან (იღიმის).

რაც შეეხება გამოხმაურებებს, ამ სერიის ყველაზე დიდი ვარსკვლავი იყო ნანუკა და მართლა საოცრებები მოახდინა. ჩემ გარშემოც და ჩემს ოჯახშიც ძირითადად, იმაზე იყო საუბარი, როგორი მაგარია ნანუკა გულუა. ძალიან ვამაყობ, რომ ასეთი პარტნიორი მყავს. მგონია, რომ ეს გოგო მარტო ჩემია…

როგორც ვხვდები, დამეგობრდით…

დავმეგობრდით და ნანუკა რომ არ იყოს, ჩემთვის ბევრად რთული იქნებოდა გადაღებების პროცესი და დამღლელი გრაფიკი. 12-საათიანი გადაღების მერეც მიხსნის დაღლილობას.

შეეჩვიე გადაღებების პროცესს?

შევეჩვიე. ადრე რეჟისორსა და სცენარისტს ვიყავი მინდობილი, ახლა პატარ-პატარა დეტალებს მეც ვამატებ. ასე კონკრეტულად ვერ გეტყვი, მიმიკებსა და მოძრაობებს ვგულისხმობ. სცენარს, რასაკვირველია, არასდროს ვცვლი. ბარბარეს ხასიათი ვისწავლე და ჩემთვის მუშაობა უფრო მარტივია.

რაში შეგიძლია მისი გამართლება?

მიფიქრია ამაზე. თავიდან, როდესაც „ჩემი ცოლის დაქალების“ სცენარი წავიკითხე, მახსოვს, მე და ქეთი დევდარიანმა ვისაუბრეთ და მითხრა, ეს გოგო კი არის სასაცილო, მაგრამ ძალიან ტრაგიკული პერსონაჟიცააო – ის არის ძალადობის მსხვერპლი და ამიტომაც ძალადობს სხვებზე. შეხედეთ, როგორ გარემოშია გაზრდილი, ბაბუა, დოჩი, რომლებიც აკონტროლებენ მის ცხოვრებას, შესაბამისად, მისთვის აბსოლუტურად ნორმალურია, რომ მან ქმრის ცხოვრება აკონტროლოს. ასეა გაზრდილი და ამის გარდა არაფერი იცის. რაღაც მომენტში ძალიან გამაღიზიანებელია, მაგრამ თანაც, ცოდო. შემდეგ სერიებში კიდევ უფრო გამოჩნდება მისი ცხოვრების სიმძიმე. მგონია, რომ ვიღაცებს შესაძლოა, თანაგრძნობაც გაუჩნდეთ მის მიმართ, რომ მთლად ასეთი საზიზღარიც არ არის.

შენს ცხოვრებაში ვინმეს თუ უცდია ისე ჩარევა, როგორც ბარბარეს ცხოვრებაში ერევიან?

ესე, როგორც ბარბარესთან, ჩემს ცხოვრებაში არავინ ჩარეულა, მაგრამ რაღაც ასაკში მშობლები ცხილობენ რჩევების მოცემას. თინეიჯერობის ასაკში ეს ძალიან ტრაგიკულად მეჩვენებოდა, რეალურად ეს მხოლოდ რჩევები იყო და ამას ახლა ვხვდები. ძალიან უკონფლიქტო ადამიანი ვარ. ასეთი ჩარევის შემთხვევაში მოვისმენდი, თავს დავუქნევდი და მერე მაინც ისე გავაკეთებდი, როგორც თავად მომინდებოდა. კონფლიქტს ვერიდები ხოლმე. ყველა ისე ვიქცევით, როგორც თავად მიგვაჩნია სწორად და ასეც უნდა იყოს, სხვა შემთხვევაში ვინანებთ. დიდი მადლობა ჩემს მშობლებს, რომ ისე არ ერეოდნენ ჩემს ცხოვრებაში, როგორც კვაზი და დოჩი ერევიან ბარბარეს ცხოვრებაში (იღიმის).

რაიმე სიახლე ხომ არ გაქვს შემოქმედების კუთხით?

არანაირი სიახლე არ არის. მგონია, რომ არ იქნება სხვა შემოთავაზება, რადგან ჩემში მსახიობს ვერ ვხედავ. მგონია, რომ „ფორმულა კრეატივი“ არის ისეთი მაგარი გუნდი, რომ ჩემგან, არაპროფესიონალისგან შექმნეს მსახიობი. გიორგი ლიფონავამ ეს შეძლო, სხვა რეჟისორი რამდენად მოახერხებს, არ ვიცი. მაშინ ისეთივე მაგარი უნდა იყოს, როგორიც ლიფონავაა. საქართველოში, მგონია, „ფორმულა კრეატივზე“ დიდი პროფესიონალები არ არსებობენ.

პირადში არ არის სიახლე?

არანაირი. როგორც ყველა ჩემი ასაკის გოგონას, ვინც მარტოა, აქვს პატარ-პატარა ფლირტები და ასეც უნდა იყოს, მაგრამ განსაკუთრებული ადამიანი ჯერჯერობით არ ჩანს..

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g