LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაშველებმა 5 დაკარგული ტურისტი შატილის ხეობიდან გამოიყვანეს

94

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის პილოტებმა, ერთობლივად ჩატარებული წარმატებული სამაშველო ღონისძიების შედეგად, 5 უცხოელი ტურისტი შატილის ხეობიდან გამოიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, შატილის ხეობაში, ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარემ ტურისტებს გზის გაგრძელების საშუალება აღარ მისცა და ისინი დახმარებას საჭიროებდნენ.

„უცხოელთა 17-კაციანი ჯგუფიდან 5 ტურისტის პოვნა ვერ ხერხდებოდა. შეტყობინების მიღებისთანავე, შემთხვევის ადგილისკენ დუშეთის სახანძრო-სამაშველო ჯგუფი გაემართა. რთული რელიეფური და კლიმატური პირობების გამო, ტრანსპორტით გადაადგილება ვერ მოხერხდა და მაშველებმა დაკარგული ტურისტების ძებნა ქვეითად განაგრძეს. ამინდის გაუმჯობესებისთანავე, სამაშველო ღონისძიებაში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო.

მაშველებმა ტურისტებთან კომუნიკაციის დამყარება და მათი ზუსტი ადგილსამყოფელის დადგენა შეძლეს. ერთობლივად ჩატარებული წარმატებული სამაშველო ოპერაციის შედეგად, შსს-ს თანამშრომლებმა ხუთივე უცხოელი ტურისტი უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს. ამჟამად ისინი, 17-კაციანი ჯგუფის დანარჩენ წევრებთან ერთად, თბილისში იმყოფებიან და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში. 

უწყების ცნობით, დუშეთის სახანძრო-სამაშველო განყოფილების მაშველებმა შატილის მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ 4 უცხოელი ტურისტი იპოვეს, რომლებსაც გზა აებნათ და უკან დაბრუნებას ვეღარ ახერხებდნენ. ამჟამად ისინიც უსაფრთხო ადგილზე იმყოფებიან.

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმა შატილის მიმართულებით დღეს რამდენიმე რეისი განახორციელეს და ადგილზე დარჩენილი 80-მდე ტურისტი ბარისახოში გადმოიყვანეს.

 

mazda magti 5g