LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსახლეობა მესტიაში სესხების უპროცენტო გადავადებას ითხოვს: აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს

158
BeFunky-collage - 2020-09-16T160903.329

მესტიის მუნიციპალიტეტის ცენტრალური გზა დღეს დილიდან გადაკეტილია. საპროტესტო აქციას ადგილობრივი მოსახლეობის ის ნაწილი მართავს, ვისაც მსხვილი საბანკო დავალიანება აქვს. აქციის მონაწილეები ითხოვენ სესხების უპროცენტო გადავადებას, წინააღმდეგ შემთხვევაში გზის სავალი ნაწილის გახსნას არ აპირებენ.

ადგილობრივი ხელისუფლება ბანკებთან შუამდგომლობის ინიციატივით გამოდის, თუმცა აქციის მონაწილეები ამ შეთავაზებაზე უარს აცხადებენ. საკითხთან დაკავშირებით “ფორტუნასთან” მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა ისაუბრა.

ვახტანგ ფილფანისთვის გაუგებარია, რატომ აირჩია მოსახლეობამ პრობლემის მოსაგვარებლად ასეთი მეთოდი. მისივე შეფასებით, რეგიონში სიტუაციის დაძაბვა გარკვეული ჯგუფების დაკვეთაა.

“მესტიაში სესხები ვისაც აქვთ, ითხოვენ გადავადებას, ოღონდ უპროცენტო გადავადებას. ჩვენი გამგებელი და ადგილობრივი ხელისუფლება შეხვდა ამ ხალხს და ბანკებთან შუამდგომლობას შეპირდა. ისინი დღეს გამგეობაში უნდა მოსულიყვნენ და ერთობლივი განცხადება უნდა დაგვეწერა, რომელსაც ბანკში გავაგზავნიდით, მაგრამ ამის ნაცვლად ისევ აქცია გამართეს. დღეს დილის 10:00 საათიდან მესტიის შესასვლელი ცენტრალური გზა გადაკეტეს. ვიღაცას ტემპერატურის აწევა და სიტუაციის დაძაბვა უნდა. გუშინ თითქოს შევთანხმდით, დღეს კი ისევ აქცია გამართეს”, – განაცხადა ვახტანგ ფილფანმა.

მისივე განმარტებით, აქციის მონაწილეთა ნაწილს ხმაურით ყურადღების მიქცევა სურს, რომ საზოგადოებაში დაძაბულობა გამოიწვიოს.

ფილფანი აცხადებს, რომ საბანკო დავალიანება პირადად მასაც აქვს, მაგრამ როგორც თვითონ ამბობს “გზის გადაკეტვით პრობლემა ვერ მოგვარდება.”

“აქციის მონაწილეები სამწუხაროდ, ჩვენს შეთავაზებაზე თანახმა არ არიან. დაკვეთილია, გზა რომ გადაკეტონ და ხმაური ატყდეს, ყურადღება მიიქციონ და მოსახლეობაში დაძაბულობა გამოიწვიონ.

მესმის, რომ სესხები აქვთ და მეც მაქვს სესხი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხალხს გზა გადაუკეტო და მოძრაობა შეუზღუდო. ვიღაცას სამშენებლო, საშემოდგომო სამუშაოები აქვს და ყველა გაჩერებულია. მხოლოდ სასწრაფო დახმარების მანქანას ატარებენ.

არ ვიცი, ვინ რას უკვეთავს, მაგრამ ამ ფორმით მიუღებელია. პრობლემა უნდა გადაიჭრას ცივილიზებულად. მოთხოვნას ვეთანხმები, მაგრამ გზის გადაკეტვით ამას ვერ ვუშველით”, – აცხადებს ფილფანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g