ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, უკრაინის ეროვნული პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელის ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი ამ ეტაპზე უკრაიანში არ იმყოფება.
დეკანოიძის თქმით, სააკაშვილი საზღვარგარეთ ვიზიტით იმყოფება. სააკაშვილი სავარაუდოდ, ამერიკის შეერთებულ შტატებშია.
“სწორედ ამის გამო, ვფიქრობ, რომ ძალიან მუხანათურად მოიქცა უკრაინის ხელისუფლება. (თუ მოქალაქეობის ჩამორთმევის ფაქტი დადასტურდა)სააკაშვილი ვიზიტით იმყოფება საზღვარგარეთ და სწორედ ამ პერიოდს დაამთხვიეს მოქალაქეობის ჩამორთმევა. ეს არის უპრეცედენტო ფაქრი, როდესაც სახელმწიფო თავის მოქალაქეს სამართლებრივ ბმას უწყვეტს, არღვევს კონსტიტუციის ნორმას, ევროსაბჭოს კონვენციას, ყველა საერთაშორისო პრინციპს და ტოვებს ადამიანს მოქალაქეობის გარეშე”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ ტელეკომპანია “პირველთან” პირდაპირ ეთერში.
მანვე აღნიშნა, რომ ეს უკრაინაში იანუკოვიჩის რეჟიმის გაგრძელებაა და არ ასახავს უკრაინის მოქალაქეების ნებას.
მოქალაქეობის ჩამორთმევის ფაქტს დეკანოიძე სააკაშვილის ოპოზიციურ საქმიანობას უკავშირებს და აცხადებს, რომ პოროშენკოს სააკაშვილის შიში აქვს.
თავად დეკანოიძე კიდევიდან საქართველოში გუშინ ჩამოვიდა.
სააკაშვილი ახლა მოქალაქეობის არმქონე პირია. უკრაინის საემიგრაციო სამსახურში განმარტავენ, რომ მოქალაქეობის ჩამორთმევის მიზეზი არასწორი ინფორმაცია გახდა, რომელიც 2015 წელს სააკაშვილმა მათ უკრიანის მოქალაქეობის მიღებისას მიაწოდა.
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, რომელიც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის, მათ შორის სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით არის ბრალდებული, პეტრო პოროშენკომ 2015 წლის მაისში უკრაინის მოქალაქის წოდება მიანიჭა და ოდესის ოლქის ადმინისტრაციის უფროსად დანიშნა.
