თბილისში მიმდინარე მშენებლობებიდან მუშების გადმოვარდნა ყოველდღიური რეალობა გახდა. უბედური შემთხვევები, თითქმის, ყოველთვის ფატალურად სრულდება.
შრომის უსაფრთხოება რომ მოუგვარებელი საკითხია და საქართველო მსგავს რეგულაციებში ძალიან მოიკოჭლებს, ეს ახალი არ არის. თუმცა, ასევე მოუგვარებელია გარდაცვლილთა ან დაზარალებულთა კომპენსაციის საკითხი. არსებული კანონმდებლობა ასეთს არაფერს ითვალისწინებს.
ანუ შესაძლოა, სამუშაოს დროს დაშავებისას, კომპანიამ არათუ ზიანი არ აგინაზღაუროთ, არამედ, მომხდარში თქვენ დაგადანაშაულოთ.
არსებული პრაქტიკაა ასეთია, – მშენებლობაზე დასაქმებულების გარდაცვალების შემდეგ, როგორც წესი, საქართველოში კომპანიები ოჯახს გარკვეულ თანხაზე ურიგდებიან, რომლებიც, უმეტეს შემთხვევაში, მხოლოდ მათ დაკრძალვას ჰყოფნის.
„კომპანიას არანაირი ვალდებულება არა აქვს და ყველაფერი ბრალდება დაღუპულს”
როგორც პროფკავშირების წარმომადგენელმა, მარინა კურტანიძემ, „ფორტუნასთან“ განაცხადა, კომპანიას დასაქმებულის უსაფრთხოების არანაირი ვალდებულება არა აქვს, რადგან საქართველოში ზიანის ანაზღაურების წესი არ არსებობს. ოჯახები თანხის ოდენობაზე, ძირითადად, არ საუბრობენ.
“ასეთი “გარიგების” ყველა საქმე განსხვავებულია, გააჩნია, ზიანი როგორი წესითაა მიღებული. თუ დასაქმებულის ბრალეულობა დადგინდა, მაშინ კომპანიის ხელმძღვანელი თავად იღებს გადაწყვეტილებას კომპენსაციის შესახებ და, თუ დადგინდა, რომ დამნაშავე კომპანიაა, მაშინ ის თანხის ოდენობაზე დაზარალებულის ოჯახის წევრებს უთანხმდება“, – განაცხადა მარინა კურტანიძემ „ფორტუნასთან“.
მერიას დაზარალებულთა კომპენსაციის საკითხი არ ეხება
მერიას დაზარალებული ან დაღუპული მუშების ოჯახებისთვის კომენსაციის გადახდა არც ევალება და როგორც „ფორტუნას“ განუცხადეს, არც გამონაკლისის შემთხვევაში ყოფილა მსგავსი სახის დახმარების გაცემის პრეცედენტი.
პრობლემის მოგვარების გზა
მეშახტეების დაღუპვის შემდეგ, შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებებზე დაიწყო საუბარი. ცვლილებების მიხედვით, შრომის ინსპექციის ფუნქციები იზრდება, თუმცა საუბარი არ არის კომპენსაციებზე, ან დამსაქმებლის გარკვეულ ვალდებულებებზე შრომის უსაფრთხოების თვალსაზრისით.
მარინა კურტანიძე ფიქრობს, რომ ეს ნორმა ყველა კომპანიას უნდა ჰქონდეს. ამ შემთხვევაში გამოსავალი იქნებოდა მსგავსი ვალდებულებების გათვალისწინება სამშენებლო კომპანიებისთვის ნებართვის გაცემის დროს.
მსგავსი ნორმის შემოღებას მხოლოდ ხელისუფლების ნება უშლის ხელს. მათი არგუმენტით, მსგავსი რეგულაციები ინვესტორებს დააფრთხობს.
„როდესაც მშენებლობის უფლებას აძლევს მერიის არქიტექტურის სამსახური, ვალდებულებაც უნდა ჩაუწეროს, რომ კომპანია ვალდებულია, დასაქმებული უზრუნველყოს ინდივიდუალური და კოლექტიური დაცვის საშუალებებით და, რომ ის პასუხს აგებს დასაქმებულების უსაფრთხო შრომაზე – ეს იქნება ერთ-ერთი პრევენციული ღონისძიება.
“ამ რეგულაციის კანონში ჩადებას სახელმწიფოს ნება სჭირდება. ისინი ამბობენ, რომ ამით ინვესტიციები შემცირდება. ეს არ არის ლოგიკური. არ არის ისეთი ხარჯი, რომ ბიზნესმენმა ვერ გაუძლოს. ჭკვიანი ინვესტორი ამჯობინებს დასაქმებულს, რომლის შესრულებული სამუშაო პროდუქტიულია, ვიდრე ცუდად დაცული მუშაკი და მუდმმივად საფრთხის ქვეშ მყოფი ადამიანები“, – განაცხადა მარინა კურტანიძემ.
თამთა უთურგაშვილი