„იმ პირობებში, როცა ჩვენ რთული ურთიერთობა გვაქვს რუსეთთან, დახმარების მზადყოფნის წინადადება მისასალმებელია,“ – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, სოფელ დაბას მიმდებარე ტერიტორიაზე განაცხადა.
პრემიერმა მადლობა გადაუხადა იმ ქვეყნებს, რომლებმაც დახმარების მზადყოფნა გამოთქვეს და, რომლებიც ეხმარებიან საქართველოს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში.
„განსაკუთრებით მინდა, მადლობა გადავუხადო იმ ქვეყნებს, რომელთაგანაც ვიღებთ დახმარებას. პირველივე დღიდან გამოთქვა დახმარების სურვილი აზერბაიჯანმა, თურქეთმა, სომხეთმა და ბელორუსმა. მივიღეთ წინადადებები სხვა ქვეყნებისგანაც, გუშინ გამოითქვა დახმარების მზადყოფნა აშშ-სგან, დიდი ბრიტანეთისგან, გერმანიისგან, ისრაელისგან, ასევე, საბერძნეთისგან და უკრაინისგან. მზადყოფნა გამოთქვეს ბულგარეთმა და ირანმაც.
“მინდა, შევეხო რუსეთის საკითხსაც, ვინაიდან აქტიური განხილვის საგანი იყო. რუსეთმა გამოთქვა დახმარების მზადყოფნა და ვფიქრობ, ეს წინადადება მისასალმებელია. ჩვენ პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი გვაქვს ჩვენი მოსახლეობის და ქვეყნის წინაშე, ამის გათვალისწინებით, იმ პირობებში, როცა ჩვენ რთული ურთიერთობა გვაქვს რუსეთთან, ასეთი წინადადება მისასალმებელია,“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.