LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი უშიკიშვილი: „მსურს, ყველა თქვენგანს მოვუყვე ის, რაც აქამდე არ დამიწერია…“

551
giorgiushikishvilie02021

მომღერალი გიორგი უშიკიშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა გაკეთდა იმ პერიოდში, როდესაც ის ფოლკლორის ცენტრის ხელმძღვანელი იყო. ამის შესახებ, როგორც თავად ამბობს, არასდროს არაფერი უთქვამს.

„სიმართლე უნდა ითქვას!!

მსურს, ყველა თქვენთაგანს მოვუყვე ის, რაც აქამდე ასე ღიად, საჯაროდ არ დამიწერია.

2004 წელს მაშინდელმა კულტურის მინისტრმა გოკა გაბაშვილმა შემომთავაზა, სათავეში ჩავდგომოდი ხალხური შემოქმედების სამეცნიერო მეთოდურ ცენტრს. მაშინ ცენტრი რუსთაველის გამზირზე, სულ რაღაც 150 კვ.მ ფართობზე მდებარეობდა. შენობა ცენტრის საკუთრება არ იყო და თანამშრომლებს მძიმე პირობებში უწევდათ მუშაობა. წლიური ბიუჯეტი 36.000 ლარი იყო.

კარგად მახსოვს, როდესაც შევედი, შიშის გრძნობა დამეუფლა. ჩემი მეგობრები მეუბნებოდნენ, რომ შარში ვარ და არაფერი გამომივიდოდა.

აქვე უნდა აღვნიშნო, რომ მაშინ ზურაბ ჟვანიას გარდა, არც ერთ ადამიანს არ ვიცნობდი ხელისუფლებიდან. ზურაბ ჟვანიას კი დიდი წვლილი აქვს ჩემს დანიშვნაში ზემოთ აღნიშნული ორგანიზაციის დირექტორად.

2004 წელს ცენტრს სახელი შეეცვალა და სსიპ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ეწოდა. ბიუჯეტი 36.000 ლარიდან გახდა 500.000 ლარი, რაც აისახა თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებასა და ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებაზე.

პირველი, რაც ძალიან შოკისმომგვრელი იყო, გახლდათ ის, რომ საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გამოსცა განკარგულება ფოლკლორის ეროვნული დათვალიერება-ფესტივალის დაარსებაზე და ამ მიზნით გარკვეული თანხებიც გამოიყო. ამ ფესტივალის ჩატარება ჩვენს ცენტრს დაევალა. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ამ დათვალიერება-ფესტივალმა დიდი სტიმული მისცა საქართველოში მოღვაწე ფოლკლორულ ანსამბლებს, სახალხო მთქმელებს, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატებს. შესაბამისად, შეიქმნა უნიკალური საარქივო მასალა, რომელიც დღეს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში ინახება (მანამდე ცენტრს აუდიო, ვიდეო არქივი არ გააჩნდა).

ასევე, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შექმნა ფოლკლორის მხარდაჭერის საპრეზიდენტო პროგრამა (აღსანიშნავია, რომ ასეთი სახის ან მსგავსი პროგრამა მანამდე და არც მას შემდეგ არ არსებობდა). თუ მეხსიერება არ მღალატობს, ამ პროგრამის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტმა გამოყო 2 მილიონი ლარი. აღნიშნული თანხა მოხმარდა უმნიშვნელოვანეს საქმეს. გამიჭირდება ალბათ ახლა ყველა იმ საქმის ჩამოთვლა, რაც მაშინ გაკეთდა, მაგრამ ვეცდები მათ შორის უმნიშვნელოვანესი მოგახსენოთ:

1. საქართველოში მოქმედ ფოლკლორულ ანსამბლებს კულტურის სამინისტრომ გადასცა ეროვნული სამოსი და ხალხური საკრავები.
2. სამოსი და ინსტრუმენტები გადაეცა საქართველოს ფარგლებს გარეთ, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწე ფოლკლორულ ანსამბლებს.
3. შეძენილ იქნა ძალიან მაღალი ხარისხის ხმის ჩამწერი აპარატურა, რომელიც განთავსდა ავტომობილში და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის თანამშრომლებმა მოძრავი ხმის ჩამწერი სტუდიით მოიარეს მთელი საქართველო. მაღალი ხარისხით ჩაწერეს ათასობით ხალხური სიმღერის უნიკალური ნიმუში. დღეს ეს აუდიო ჩანაწერები კიდევ უფრო მეტად ღირებულია, რადგან შემსრულებელთა უმრავლესობა, სამწუხაროდ, გარდაცვლილია.
3. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა და აღდგა ვახუშტი კოტეტიშვილის ხალხური პოეზიის საღამოები, რომელიც ყოველწლიურად ტარდებოდა.
4. დაფინანსდა ათობით სამეცნიერო ექსპედიცია, რომელთა მასალებიც, აგრეთვე, ინახება ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში.
5. გამოიცა მრავალი წიგნი, აუდიო და ვიდეო დისკი.

6. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა უნიკალური საარქივო ჩანაწერების რედაქტირება (გაწმენდა) და გამოცემა.
7. არტ გენი
8. დაარსდა და ყოველწლიურად ფინანსდებოდა ფოლკლორის ეროვნული პრემია. პრემიის ფარგლებში მრავალმა ღვაწლმოსილმა ადამიანმა მიიღო ფულადი ჯილდო. ასევე, პრემია გადაეცემოდა ახალგაზრდებს. რომლებმაც წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელეს.
9. დაფინანსდა ხალხური სიმღერის, ცეკვის, ზეპირსიტყვიერების მოღვაწეთა შემოქმედებითი საღამოები.
10. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ტექნიკური აღჭურვა, არქივის ელექტრნული პროგრამა და ვებგვერდი.

ეს ყველაფერი მცირედი ჩამოთვალია იმისა, რაც საქართველოს პრეზიდენტის ფოლკლორის მხარდაჭერის საპრეზიდენტო პროგრამიდან დაფინანსდა.

ძალიან მნიშვნელოვანია ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის შენობის გადმოცემის მეტად მნიშვნელოვანი საქმე. იმის გამო, რომ ცენტრს არ გააჩნდა საკუთარი შენობა, დღის წესრიგში დადგა შენობის საკუთრებაში გადმოცემის საკითხი. შეირჩა დავით აღმაშენებლის გამზირზე არსებული შენობა, რომელშიც მაშინ ესთეტიკური აღზრდის ცენტრი იყო განთავსებული. მახსოვს, შემთხვევით შევხვდი მიხეილ სააკაშვილს და პირველად ვთხოვე ასე პირდაპირ ცენტრისთვის დახმარების გაწევა. ის დამპირდა, რომ შემეხმიანებოდნენ და საკითხს მოაგვარებდნენ. გავიდა ერთი კვირა და არავინ შემეხმიანა. ორი კვირის შემდეგ ერთ-ერთი თეატრის ფოიეში ვიდექი, ველოდებოდი მეგობარს. უეცრად ჩემსკენ წამოვიდა პრეზიდენტი და მკითხა, დამიკავშირდა თუ არა ვინმე. მე, რასაკვირველია, ვუთხარი რომ არავინ. ჩემს განცვიფრებას საზღვარი არ ჰქონდა, რადგან არ მეგონა თუ პრეზიდენტს ეს საკითხი ემახსოვრებოდა. აი, ასე გადაწყდა ქართული ფოლკლორისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საქმე – ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს გადმოეცა ბრწყინვალე შენობა, რომელიც სრულად გარემონტდა და აღიჭურვა.

შენობაში დღემდე განთავსებულია ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი თავისი საგამოფენო და საკონცერტო დარბაზებით, სამუშაო სივრცეებით და არაჩვეულებრივი ბაღით.

ასევე, მიხელ სააკაშვილის დიდი დახმარებით შევძელით დაგვეარსებინა საქართველოს ისტორიაში პირველი ფოლკლორული რადიო FM სივრცეში – ფოლკ რადიო.

ასე მოვედით 2012 წლამდე. შემდეგ ალბათ იცით, რომ დიდი ბინძური ბრძოლისა და ზეწოლის ფონზე გამათავისუფლეს ცენტრის დირექტორობიდან. არაოფიციალური მიზეზი ის იყო, რომ ფოლკლორი დავღუპე და არ ვემსახურე ფეოდალებს.

რა თქმა უნდა, მუდმივი არაფერია და ვცდილობ კვლავ ვემსახურო ჩემს ქვეყანას და ქართულ ფოლკლორს“.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g