2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დასრულების შემდეგ, ოპოზიცია მის ხელახლა ჩატარებას ითხოვს და მასშტაბურ გაყალბებაზე საუბრობს.
დღის თემაში “ერთიანი საქართველოს” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ თქვა, რომ მას მინიმუმ 3-4 მანდატი უნდა მიეღო.
“ამ დროს 0, 85% მიწერია, ეს ხდება ივანიშვილის ბრძანებით, რადგან მათთვის მიუღებელია ბურჯანაძე პარლამენტში. როგორ უნდა გაასწორონ ახლა ოქმები, რომ ეს შედეგი შეცვალონ. ჩვენ ყველა ოქმი გავასაჩივრეთ, რაც კითხვის ნიშანს იწვევს, იგივე გააკეთეს, როგორც ვიცი, სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა, მაგრამ თუ ოქმებს ასწორებენ, მაშინ ყველა საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, რაც არჩევნების ხელახლა ჩატარებას ნიშნავს.
ცესკომ წინასწარი შედეგები უკვე გამოაქვეყნა და ოქმების გასწორებით შეიძლება იყოს ნახევარი – 1%-ით შემცირება (იგ. ოცნების შედეგი), მეტი რომ იყოს, ეს უკვე გაყალბების აღიარებაა”, – ამბობს ბურჯანაძე.
“დღის თემაში” “თავისუფალი საქართველოს” წევრმა გოგი წულაიამ კი თქვა, რომ ამ ქვეყანაში სასამართლოს გზით სამართალს ვერ მიაღწევ და გამოსავალი ისევ აქციებია.
“უნდა ვიბრძოლოთ და ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს საეჭვო პარლამენტები ამ ქვეყანაში. პოლიტიკური კრიზისი გადაილახება არჩევნებით – ეს გზა აირჩია მსოფლიომ. ჩვენ კიდევ გვქონდა კრიზისი, ჩავატარეთ არჩევნები და კრიზისი კი არ გადალახა, უფრო ღრმა კრიზისში შეიყვანა.
გასაჩივრებებს არ აქვს აზრი, ვის შევჩივლო, რუსთაველი მკვდარიაო – ასეა საქმე. ერთადერთი გზა რჩება, რა გამოცდილებაც ჰქონდა ამ ქვეყანას – ეს არის აქციები.
ეს ქვეყანა ისეთ პრობლემებშია, ამის მოგვარებას სჭიდება ლეგიტიმური მთავრობა და კოჭლი, განადგურებული პარლამენტი ამ ქვეყანას კრიზისში შეიყვანს. არ მიიღებენ კარგ შედეგს. შეიძლება ხალხი, მშიერი ადამიანები სახლში შეუვარდნენ და პასუხი ისე მოსთხოვონ, – ამბობს წულაია.