საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, ნათია თურნავამ ფონდში ჩინეთის უმსხვილესი ექსპორტისა და კრედიტების სადაზღვევო კორპორაცია Sino Sure-ს დელეგაცია მიიღო.
ფონდის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობისა და იმ კონკრეტული ნაბიჯების შესახებ ისაუბრეს, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას და ქართულ-ჩინური ერთობლივი პროექტების განხორციელებას. მხარეები შეთანხმდნენ იმაზე, რომ საპარტნიორო ფონდი და SINOSURE ქართულ და ჩინურ პროექტებს კოორდინაციას და მხარდაჭერას ერთობლივად გაუწევენ.
21 სექტემბერს SINOSURE-სა და საპარტნიორო ფონდს შორის გაფორმდება ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც სხვადასხვა საინვესტიციო პროექტების ერთობლივი დაფინანსების მექანიზმების შემუშავებას, ინფორმაციისა და გამოცდილების ურთიერთგაზიარებას ითვალისწინებს ისეთ ეკონომიკურ სფეროებში, როგორიცაა სამთო გადამუშავება, სოფლის მეურნეობა, მშენებლობა, ენერგეტიკა ტრანსპორტი და ვაჭრობა.
აღსანიშნავია, რომ საქართველო-ჩინეთს შორის სავაჭრო საინვესტიციო ურთიერთობების მიზნით ურთიერთგაგების მემორამდუმზე ხელის მოწერის ოფიციალური ცერემონია 21 სექტემბერს, პეკინში იგეგმება.
ცნობისთვის, საკრედიტო სადაზღვევო კომპანია SINOSURE არის ჩინეთის სახელმწიფო დაფინანსებით შექმნილი სადაზღვევო კომპანია, რომელიც ჩინეთის საგარეო ვაჭრობას და ეკონომიკურ თანამშრომლობას უწყობს ხელს. კორპორაცია 2001 წელს შეიქმნა. ამჟამად, მას ოპერაციების ფართო ქსელი აქვს. საკუთარი საქმიანობის ფარგლებში, კორპორაცია აზღვევს ჩინეთის საგარეო ვაჭრობასა და ინვესტიციებს, მხარს უჭერს საგარეო ვაჭრობის განვითარებას და ეკონომიკურ კოოპერაციას, ხელს უწყობს ეკონომიკის ზრდას, უმუშევრობის შემცირებას და საგადამხდელო ბალანსის დადებითი სალდოს ზრდას.