რესტორატორთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის, შოთა ბურჯანაძის განცხადებით, მთავრობის მიერ რესტორნების მუშაობის შეზღუდვის გადაწყვეტილებით, სექტორში მომუშავე 250 000 ადამიანი უმუშევარი დარჩება.
„ეს გადაწყვეტილება უარყოფითად შეიძლება შეფასდეს სფეროს გადასახედიდან. ძირეული პრობლემა გვაქვს, ერთი მხრივ, მძიმე ეპიდვითარება ქვეყანაში, მეორე მხრივ, ის გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იქნა, ასევე ადამიანების სიცოცხლესთანაა დაკავშირებული, დაახლოებით 250 000 ადამიანი ზარალდება ამ შეზღუდვით და სამსახურს კარგავს. ჩვენ მთავრობას შეხვედრების დროს ვთავაზობდით, რომ ოქროს შუალედი მოგვენახა. ეს ურთულესი გადაწყვეტილებაა და ჩვენი შეთავაზება იყო, რომ არსებული რეგულაციების მკაცრი კონტროლი მომხდარიყო და თუ ვინმე არღვევდა მოთხოვნებს, მკაცრად ეგო პასუხი, მაგრამ მთავრობამ სრული „ლოკდაუნის“ გადაწყვეტილება მიიღო. შეხვედრისას საუბარი არც ყოფილა სრულ შეზღუდვაზე, ასეთი ვერსია არც განიხილებოდა. შოკისმომგვრელი იყო ეს გადაწყვეტილება. „ლოქდაუნს“ ვუწოდებთ თუ წერტილოვან შეზღუდვას, რას დავარქმევთ ამ შეზღუდვებს ეს უმნიშვნელოა“, – აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ.
მისივე თქმით, ეპიდვითარების დასტაბილურების შემთხვევაში რესტორნები 70 % ვეღარ გაიხსნება.