23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშილის ადვოკატი საზოგადოებას მიმართავს, პროკურატურას საზოგადოებაში არსებულ ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა მოსთხოვოს.
„საქართველოს პროკურატურა აპირებს, ახალგაზრდა პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის მკვლელობის საქმის გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა) დაასრულოს, ისე, რომ ამ მუხლითაც კი არავინ გამოკვეთოს ბრალდებულად.
პეტიციაზე ხელმომწერები კატეგორიულად წინააღმდეგი ვართ გამოძიების ასეთი შედეგით დასრულების, პროტესტს ვაცხადებთ და მოვითხოვთ:
- პროკურატურამ საქმეზე მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილება და დეტალურად გასცეს პასუხი ყველა იმ კითხვას, რაც დღემდე უპასუხოდ არსებობს საზოგადოებაში;
- გამოძიების მხრიდან დაცული იყოს სამართლის საერთაშორისო სტანდარტები, რათა დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება;
- გამოძიება გაგრძელდეს მკვლელობის მუხლით;
- გამოვლინდეს და დაისაჯოს ყველა ის პირი, ვინც მონაწილეობა მიიღო 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის მკვლელობაში“, – წერს სოციალურ ქსელში ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი.
შეგახსენებთ, 23 წლის პროგრამისტი, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს დაიკარგა. ოჯახის წევრების განცხადებით, ის საკუთარი მანქანით ქვემო ფონიჭალიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა.
დაკარგვიდან 5 დღის შემდეგ, ბაჩალიაშვილი საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობდა. 24 ივლისს საქმეს კიდევ ერთი კვალიფიკაცია თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.