პანდემიის პერიოდში, 2020 წელს, ქართულმა სტარტაპებმა 25 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია მოიზიდეს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
მისი თქმით, პოსტპანდემიურ პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ეკონომიკის დიჯიტალიზაციას, ახალი ტექნოლოგიების დანერგვას, სტარტაპების განვითარებას.
მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ სპეციალური საგადასახადო რეჟიმი შემოიღო აიტი ინდუსტრიაში საერთაშორისო კომპანიის სტატუსი მქონე კომპანიებისთვის. მისი თქმით, ამის შედეგად, ორი საერთაშორისო კომპანია „ეპამი“ და „ექსადელი“ საქართველოს ბაზარზე შემოვიდა და ჯამში, 2000-მდე ადგილობრივი პერსონალის დასაქმებას გეგმავენ.
თურნავას განმარტებით, მომავალში გაგრძელდება აიტი სპეციალისტების გადამზადების მასშტაბური პროგრამა და რეგიონალური ტექნოპარკების და უნივერსიტეტების ჩართულებით, ახალი ინოვაციური იდეების მხარდაჭერის პროგრამები.